ირაკლი კობახიძე – შარლ მიშელის განცხადებაზე: მზად ვიყავით, სასამართლო რეფორმაზე ოპოზიციასთან ერთად გვემუშავა, ეს დაპირება ძალაშია
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “ქართული ოცნების” პოზიცია სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ძალაშია.
“ძირითადად, საუბარია ალბათ სასამართლო რეფორმაზე. სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ჩვენ ვთქვით ასეთი რაღაც, რომ მიუხედავად ამ შეთანხმების ხელმოწერისა, 19 აპრილამდე გაკეთდა ეს განცხადება, ჩვენ მზად ვიყავით, სასამართლო რეფორმაზე გვემუშავა ოპოზიციასთან ერთად. შესაბამისად, ეს ჩვენი განცხადება და დაპირება არის ძალაში. ამაზე გვექნება საუბარი, თუ იქნება წარმოდგენილი სათანადო წინადადებები, რა თქმა უნდა, ყველაფერს განვიხილავთ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გამოეხმაურა. როგორც შარლ მიშელი „ტვიტერზე“ წერს, ახლა გადამწყვეტია, ქვეყნის ყურადღება დაუბრუნდეს სტრუქტურულ რეფორმებს, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებაშია მოცემული.