განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებული, ნინო კერესელიძე ჰარვარდის მიწვეული მეცნიერი გახდა

წინა კვირას საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს შემსწავლელი პროგრამა Georgian Studies გაიხსნა ჰარვარდის უნივერსიტეტის დევის ცენტრში, სწორედ იქ, სადაც წელს სექტემბერში განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებული, ნინო კერესელიძე მიიწვიეს.

ნინო ჯერ კიდევ 2014 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაარსებული ამ ცენტრის პირველი ნაკადის კონკურსის გამარჯვებულია და ის კურსდამთავრებულია, რომელმაც დოქტორის ხარისხი მოიპოვა და საკუთარი ქვეყნის სამსახურში ჩადგა. ნინო 2012 წელს გაემგზავრა დიდ ბრიტანეთში, შოტლანდიის სენტ ენდრიუს უნივერსიტეტში (St Andrews) საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტოროზე (PhD) ცენტრის, „ღია საზოგადოების ფონდებისა“ და საუნივერსიტეტო დაფინანსებით. სწავლის პერიოდში მუშაობდა მისი ხელმძღვანელის, ცნობილი კანადელი პროფესორის, რიკ ფონის კვლევით ასისტენტად, ლექტორად სასემინარო ნაწილში, ე.წ. ტიუტორად და მანდატურად. სამი წლის დადგენილ ვადაშივე, რაც უიშვიათესია, დაიცვა დისერტაცია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზე, სადაც გამოიყენა კვლევითი ვიზიტების შედეგად როგორც ბრიუსელსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში, ასევე რეგიონში, აზერბაიჯანსა და სომხეთში საველე კვლევებიდან ჩამორთმეული ინტერვიუები და გამოეშურა შინ.

ხარისხის დაცვისთანავე, 2015 წელს ქვეყანაში დაბრუნებულს, სახელშეკრულებო ვალდებულებით ცენტრმა რამდენიმე სახელმწიფო უწყებასთან ერთად საგარეო საქმეთა სამინისტროში შესთავაზა მუშაობა, სადაც ნინოს ევროინტეგრაციის დეპარტამენტსა და დიპლომატიურ ინსტიტუტში, სწორედ ვიზალიბერალიზაციის პერიოდში, პრაქტიკული გამოცდილების შეძენისა და დაგროვილი ცოდნის განხორციელების საშუალება მიეცა. მომდევნო წილიდან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დაიწყო ლექციების წაკითხვა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიაუნიში და კავკასიის უნივერსიტეტში. სალექციო პროცესში ეყრდნობა ცნობილი პროფესორების ცოდნას, რაც შეიძინა საერთაშორისო ურთიერთობების სწავლისას, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში რომელიც ბაკალავრის ხარისხით წარჩინებით დაამთავრა.

მის აუდიტორიას განსაკუთრებით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება ხიბლავს, რომელიც ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (CEU) საერთაშორისო ურთიერთობების და ევროპისმცოდნეობის მაგისტრატურაზე და ამსტერდამის თავისუფალ უნივერსიტეტში (Vrije Universiteit Amsterdam) პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრატურაზე პრეზიდენტის გრანტით სწავლისას შეიძინა. მას შემდეგ მან შეძლო გამოექვეყნებინა რეფერირებულ და ინდექსირებულ გამოცემებში 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. კოლაბორაციული საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების მიზნით, ნინოს პირადად განთავსებული აქვს თსუ-სა და ტექნიკური უნივერსიტეტების ჟურნალები უცხოეთის და პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკებში.

საქართველოს კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, თვითმმართველობებისა და სტუდკავშირების გენერალური მდივნობისას ნინოს ინიციატივით იმართებოდა კულტურული ღონისძიებები ბუდაპეშტის, ბრიტანეთისა და ჰოლანდიის უნივერსიტეტებში. მისი მონაწილეობით დაეფუძნა სენტ ენდრიუს ქართული საზოგადოება.

სხვადასხვა დროს ნინო იყო გაწევრიანებული პოლიტიკურ მეცნიერებათა სტუდენტების საერთაშორისო ასოციაციაში (IAPSS), ბუდაპეშტის ადამიანის უფლებათა ინიციატივაში (HRSI) და სენტ ენდრიუს მშვიდობისა და კონფლიქტის შემსწავლელ ცენტრში (CPCS). 2017 წლიდან ნინო იკავებდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ხელმძღვანელ ადმინისტრაციულ და აკადემიურ პოზიციებს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილის, საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო პროგრამის კოორდინატორის, პოლიტიკური კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის, საერთაშორისო კვლევების ცენტრის ვიცე-დირექტორისა და ასოცირებული პროფესორის სახით. ნინოს მოწვევით, განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელის, ნინო ჭელიძის ვიზიტის შემდეგ, სადაც სტუდენტებს საერთაშორისო განათლების შესახებ ინფორმაცია მიეწოდათ, არაერთი კურსდამთავრებული გაემგზავრა უცხოეთის სასტიპენდიო პროგრამაზე სასწავლებლად. აკადემიური და სამეცნიერო მიღწევების გარდა, 2018 წლიდან ნინო შეუერთდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის დეპარტამენტის საერთაშორისო და დონორებთან ურთიერთობების სამსახურს, სადაც ის ამჟამად უცხოელ დონორებთან თანამშრომლობას, ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობებს უძღვება. დოქტორანტურის შემდგომ, მიმდინარე წელს, ნინო შეუერთდა ჰარვარდის უნივერსიტეტს მიწვეული მეცნიერის რანგში (Visiting Scholar), რომელიც მსოფლიოს წამყვან დარგის სპეციალისტებს აერთიანებს.

ჰარვარდში ნინო გეგმავს ჰარვარდის მმართველობის დეპარტამენტში, დევისისა და ბელფერის ცენტრებში ჩატარებული კვლევითი საქმიანობის შედეგად ბაიდენის ადმინისტრაციის შესახებ ტრანსატლანტიკურ ჩართულობაზე, წიგნისა და სტატიების გამოცემას წამყვან უცხოურ და ქართულ გამომცემლობებში, სადაც ჩამოყალიბებული იქნება აკადემიური სფეროდან პოლიტიკური რეკომენდაციები (policy proposals). პროგრამის ფარგლებში უკვე განხორციელდა თეთრი სახლის ონლაინ მოდელირება არასამთავრობო ორგანიზაციაში გლობალური მმართველობის ინსტიტუტის (Global Governance Institute), რომელიც ნინო 2019 წელს დააფუძნა.

ჰარვარდში მოღვაწეობა ეხმიანება ნინოს წინარე კვლევით ათწლიან გამოცდილებას ლონდონსა და ჰააგაში, სადაც ის იყო მკვლევარი და მოგვიანებით მეკავშირე ოფიცერი გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ლონდონის სამდივნოში (UN IMO), კვლევითი ასისტენტი საგარეო პოლიტიკის ცენტრში (FPC think tank) და მკვლევარი „საერთაშორისო განგაშში“, ხოლო მიწვეული მკვლევარი ისტორიკოსთა ევროპულ ასოციაციაში „ევროკლიო“ (EUROCLIO). ნინოს ჰარვარდში მიწვევა დაემთხვა საქართველოს მთავრობის ფინანსური ძალისხმევით, პირველად ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში, ჰარვარდში საქართველოს შემსწავლელი Georgian Studies პროგრამის ამოქმედებას, რომლის საინაუგურაციო ღონისძიებას, ნიუ-იორკის კლუბში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროში და ჰარვარდის პრორექტორი მარკ ელიოტი ესწრებოდნენ.

პროგრამა, სადაც ყურადღება გამახვილდება საქართველოსა და აშშ-ს შორის სასწავლო გაცვლის შესაძლებლობებზე, ხელს შეუწყობს მსოფლიოს ინტელექტუალურ წრეებში საქართველოს ისტორიის, კულტურის, თანამედროვე პოლიტიკისა და ეკონომიკური განვითარების შესახებ ცოდნის გავრცელებას.

ამ აკადემიური პარტნიორობის დაწყებით, ნინოს აზრით ახალი შესაძლებლობები იქმნება, როგორც მისი კოლეგებისთვის, ასევე უპირველესად, მისი ახალი თაობის სტუდენტებისათვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები