„დესტრუქციული ძალები სააკაშვილის ხელმძღვანელობით კიდევ ერთხელ დამარცხდნენ” – ნიკოლოზ მეტრეველი არჩევნების შედეგებზე

“დესტრუქციული ძალები სააკაშვილის ხელმძღვანელობით კიდევ ერთხელ დამარცხდნენ”, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ნიკოლოზ მეტრეველმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მეტრეველმა 2 ოქტომბერს გამართული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეაფასა.

„პრინციპში, ჩვენ უკვე შეგვიძლია, გარკვეულწილად, შევაჯამოთ ის პროცესი, რაც ბოლო 1 წლის განმავლობაში მიდიოდა. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ კვანძი გახსნილია, საზოგადოებას მიმდინარე პროცესებზე უკვე ნათელი სურათი აქვს. პირველ ყოვლისა, მივესალმები ჩვენი დასავლელი პარტნიორების განცხადებებს. არჩევნებმა ჩაიარა ნორმალურ გარემოში და ღირსეულმა გაიმარჯვა. ეს ფაქტია. მეორე ფაქტია ის, რომ დესტრუქციული ძალები სააკაშვილის ხელმძღვანელობით კიდევ ერთხელ დამარცხდნენ. მე ვიტყოდი, ეს იყო ერთ-ერთი, მათი გენერალური მარცხი. ახლა არის საუბარი მეორე ტურებში შესაძლო გამარჯვებებზე. აქაც ნათელია, რომ „ქართული ოცნება“, პირველ ყოვლისა, დედაქალაქსა და სხვა ქალაქებშიც დამაჯერებლად გაიმარჯვებს. რომც ვერ გაიმარჯვოს, მაგალითად, ზუგდიდში, ეს არ იქნება იმის წინაპირობა, რომ ქვეყანაში რაიმე სახის არჩევნები კიდევ დაინიშნოს.
საზოგადოებას შეუძლია, მშვიდად, წყნარად იყოს, რადგან უახლოესი 3 წლის განმავლობაში არავითარი არჩევნები აღარ იქნება“, – განაცხადა მეტრეველმა.

ანალიტიკოსი საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებასაც გამოეხმაურა.

„საქართველოში ისეთი არაფერი არ ხდება, რაც არ ხდება სხვაგან, ნებისმიერ დასავლურ, დემოკრატიულ ქვეყანაში. ეს მარტო ჩემი ციტატა არ არის. ეს რამდენიმე თვის წინ გერმანიის ელჩმა, ბატონმა ჰუბერტ ქნირშმაც თქვა. მაგალითისთვის, როდესაც კრიზისებზეა საუბარი, ბულგარეთში არასრულ 1 წელიწადში მესამე საპარლამენტო არჩევნები ტარდება. გერმანიაში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, იქაც უამრავი ხარვეზი იყო.
განცხადებაში არაფერი განსაკუთრებული, საგანგაშო არ წერია. ფაქტი ისაა, რომ საბოლოოდ არჩევნები ყოველგვარი არეულობის გარეშე შედგა. რა თქმა უნდა, ვიზიარებთ იმ ხარვეზებს, შენიშვნებს, რაც ამ პროცესში არსებობს, თუმცა, არაფერი საგანგაშო ჩვენს ქვყენაში არცერთი კუთხით, მათ შორის, საარჩევნო სისტემის კუთხით, არაა.

ხომ იყო საუბარი იმ 43 %-იან ბარიერზე, დღეს ვერავინ უარყოფს იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ბევრად მეტი აიღო. შესაბამისად, დღეს ქვეყანაში არ არსებობს არანაირი გარემოებები და ამ რთულ ეკონომიკურ ფონზე არ გვაქვს ფუფუნება, დესტრუქციულ ძალებს ორ თვეში ერთხელ არჩევნები ვუტაროთ. მათი დამარცხება არავითარი პრობლემა არაა, თუმცა ასეთ დროს ქვეყანას სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება სჭირდება. ექსპერიმენტების დრო არაა.
მიუხედავად იმისა, რომ თუნდაც გახარიას პარტიას, ძალიან დიდი მცდელობა ჰქონდა, „ ქართული ოცნება“ შეერყია, ამ არჩევნებზე ვნახეთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავის ელექტორატის მობილიზება მაინც მოახერხა. ის შედეგი, რაც 9 -წლიანი მმართველობის ფონზე დაიდო, რა თქმა უნდა, მმართველი გუნდისთვის ძალიან კარგი და უნიკალურია.
რაც შეეხება სააკაშვილის საკითხს: ის ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიერ არაერთხელ იქნა გაფრთხილებული, რომ საქართველოში არ ჩამოსულიყო, მიუხედავად ამისა, მან მორიგი ავანტიურული ნაბიჯი გადადგა. მას მართლმსაჯულების წინაშე წარდგომა და ქართულ ციხეში ყოფნა დიდი ხნით მოუწევს“, – განაცხადა მეტრეველმა.

ცნობისთვის, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართა.
საქართველოს მასშტაბით, პროპორციულ ნაწილში, „ქართულ ოცნებას“ მხარი ამომრჩეველთა 46,68 %-მა დაუჭირა, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 30, 7 % – მა.

წინასწარი შედეგებით, საქართველოს ხუთივე თვითმმართველ ქალაქში მერის არჩევნები პირველივე ტურში ვერცერთმა კანდიდატმა მოიგო. გამარჯვებული არ გამოვლენილა არც 15 თვითმმართველ თემში და არაერთ მაჟორიტარულ ოლქში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წინ მეორე ტურებია.
არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობს 2 კანდიდატი, რომლებმაც პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა მიიღეს.
წინასწარი მონაცემებით, ხუთივე თვითმმართველ ქალაქსა და 14 თვითმმართველ თემში ამომრჩეველს „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება.
გამონაკლისია თიანეთი, სადაც მეორე ტურში „ქართულ ოცნებას“ „თამაზ მეჭიაური-ერთიანი საქართველოსთვის“ კანდიდატი დაუპირისპირდება.
წინასწარი მონაცემებით, მეორე ტური მოსალოდნელია:
• თბილისი
კახა კალაძე – „ქართული ოცნება“
ნიკა მელია – „ნაციონალური მოძრაობა“
• ბათუმი
არჩილ ჩიქოვანი – „ქართული ოცნება“
გიორგი კირთაძე – „ნაციონალური მოძრაობა“
•ქუთაისი
იოსებ ხახალეიშვილი – „ქართული ოცნება“
ხატია დეკანოიძე – „ნაციონალური მოძრაობა“
•რუსთავი
ნინო ლაცაბიძე – „ქართული ოცნება“
დავით კირკიტაძე – „ნაციონალური მოძრაობა“
• ფოთი
ბექა ვაჭარაძე – „ქართული ოცნება“
გიგი უგულავა – „ნაციონალური მოძრაობა“.
მეორე ტური ასევე მოსალოდნელია 59-დან 15 თვითმმართველ თემში: თიანეთში, თელავში, ქარელში, ხაშურში, ცაგერში, ბაღდათში, წყალტუბოში, ოზურგეთში, სენაკში, ხობში, მარტვილში, ზუგდიდში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუსა და ხელვაჩაურში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები