„მავანი ფიქრობდა, რომ დღეს ხელისუფლებაში იქნებოდა, თუმცა, ახლა დასრულდა მთავრობის სხდომა და მას კვლავ ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა. შესაბამისად, ეს იმედგაცრუებაც არის მათ ანგარიშზე და მათი ბელადი არის ციხეში“, – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, არჩევნების მეორე ტურში “ქართული ოცნება” აუცილებლად გაიმარჯვებს.
„მიხეილ სააკაშვილი საქართველოში შემოვიდა იმისთვის, რომ გუშინდელი დღიდან, აქციაზე მდგარიყო და ორგანიზება გაეწია სამოქალაქო დაპირისპირებისთვის, რაც ვერ შედგა. ერთადერთი, რაც ოპოზიციას დარჩა, არის რამდენიმე მნიშვნელოვან ოლქში, მეორე ტურში მონაწილეობა. ძალიან სასიხარულოა, რომ ისინი, როგორღაც, ახერხებენ საკუთარი ქცევის მოწესრიგებას და აპირებენ მეორე ტურში მონაწილეობას. ეს არის სწორედ ის დემოკრატია, რომელიც ჩვენ, ყველას გვინდა. რა თქმა უნდა, ისინი მეორე ტურში აუცილებლად დამარცხდებიან „ქართული ოცნების“ წინაშე, მაგრამ სწორედ ესაა დემოკრატიული პროცესი, რომ კი არ ფიქრობდე არეულობაზე, სისხლსა და რევოლუციაზე, არამედ – იღებდე მარცხს, კრახს, რომელიც განიცადე და ცდილობდე, რომ მეორე ტურში მაინც იყო ცოტა უფრო წარმატებული. ამიტომ. ყველას გილოცავთ იმ სიმშვიდეს, რომლითაც დღევანდელი დილა გათენდა და. „ქართულ ოცნებას“ ვულოცავ ამ დამაჯერებელ გამარჯვებას“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.