ირაკლი კობახიძე: არჩევნების მეორე ტური ჩატარდება მხოლოდ 20 მუნიციპალიტეტში – ჩვენთვის განსაკუთრებით საწყენია, რომ მეორე ტურის ჩატარება საჭირო გახდა თბილისშიც

 

“ჩვენთვის განსაკუთრებით საწყენია, რა თქმა უნდა, რომ მეორე ტურის ჩატარება საჭირო გახდა თბილისშიც, თუმცა ბუნებრივია ეჭვი არავის გვეპარება, რომ კახა კალაძე საბოლოოდ მოიგებს ამ არჩევნებს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნების მეორე ტური მხოლოდ 20 მუნიციპალიტეტში ჩატარდება.

„საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა შედეგები, რომლის თანახმად „ქართულმა ოცნებამ“ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა ქვეყნის მასშტაბით. შეგახსენებთ, 2775 საარჩევნო უბნის მონაცემებს – „ქართული ოცნება“ 47,83%, „ნაციონალური მოძრაობა“ – 30,69%, „საქართველოსთვის“ – 7,48%, „ლელო“ – 2,62%, „ევროპული საქართველო“ – 1,75%, „პატრიოტთა ალიანსი“ – 1,43%, „მესამე ძალა“ – 1,31%, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ – 1,22%, ხოლო ყველა სხვა პარტიამ 1%-ზე ნაკლები მიიღო. გამომდინარე იქიდან, რომ საარჩევნო უბნების 3/4 უკვე დათვლილია, ბუნებრივია, ეს მონაცემები არსებითად აღარ შეიცვლება. „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებმა არჩევნები პირველივე ტურში მოიგეს 64-დან 44 საარჩევნო ოლქში. მეორე ტური ჩატარდება მხოლოდ 20 მუნიციპალიტეტში. ჩვენთვის განსაკუთრებით საწყენია, რა თქმა უნდა, რომ მეორე ტურის ჩატარება საჭირო გახდა თბილისშიც, თუმცა ბუნებრივია ეჭვი არავის გვეპარება, რომ კახა კალაძე საბოლოოდ მოიგებს ამ არჩევნებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კახა კალაძეს ეყოლება მყარი უმრავლესობა თბილისის საკრებულოში მომდევნო 4 წლის განმავლობაში. კერძოდ, ცესკოს წინასწარი მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნება“ თბილისის საკრებულოში სულ მცირე 29 წევრით იქნება წარმოდგენილი. „ქართული ოცნების“ გუშინდელი დამაჯერებელი გამარჯვება იყო საქართველოში მშვიდობის, სტაბილურობის გამარჯვება. ქართულმა საზოგადოებამ რადიკალურ პოლიტიკურ ძალებს გასცა საკადრისი პასუხი. საზოგადოებას ვპირდებით, რომ ჩვენი ყველა მერობის კანდიდატი გაიმარჯვებს მეორე ტურში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები