ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 5 თვითთმმართველი ქალაქიდან – თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი, ყველა მათგანში, სავარაუდოდ, მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
თუმცა, ამჟამად არსებული მონაცემებით, ოპოზიციის – „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი 5 თვითმმართველი ქალაქიდან 2-ში – ქუთაისსა და ბათუმში ლიდერობს.
თბილისში 769 უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 320 უბნის მონაცემები. პირველ ადგილზეა „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე 45,5 %-ით, მეორეზე კი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ნიკა მელია 34,13 %-ით. ხმების 8,97 % აქვს პარტია „საქართველოსთვის“ კანდიდატ გიორგი გახარიას.
რუსთავში ამ დროისთვის 88 უბნიდან 54 უბანშია მონაცემები დათვლილი. 54 უბნის მონაცემებით, აღნიშნულ თვითმმართველ ქალაქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ნინო ლაცაბიძე ლიდერობს 44,92 %-ით, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ დავით კირკიტაძეს კი 43,81 %-იანი მხარდაჭერა აქვს.
ქუთაისში 124 უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 53 უბნის მონაცემები. ამ დროისთვის ამ ქალაქში ლიდერობს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ხატია დეკანოიძე 43,81 %-ით. მეორე ადგილზეა „ქართული ოცნების“ კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი 41,76 %-ით.
ფოთში 33 უბნიდან დათვლილია 18 უბნის მონაცემები. ამ დროისთვის ლიდერობს „ქართული ოცნების“ კანდიდატი ბექა ვაჭარაძე 47,73 %-ით, მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გიგი უგულავა 37,44 %-ით.
ბათუმში 105 უბნის მონაცემებიდან დათვლილია 38 უბნის მონაცემები. ამ დროისთვის აღნიშნულ ქალაქში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გიორგი კირთაძე იმარჯვებს 42, 6%-ით, მეორე ადგილზეა „ქართული ოცნებიდან“ არჩილ ჩიქოვანი 41,07 %-ით.