ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს ცესკო არაუგვიანეს 16 ოქტომბრისა გამოაქვეყნებს. საარჩევნო კოდექსის თანახმად, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-14 დღისა საოლქო საარჩევნო კომისიები საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის განხილვის შედეგების გათვალისწინებით, შეაჯამებენ საკრებულოს და მერის არჩევნების შედეგებს, დაადგენენ საკრებულოს და მერის არჩევნების შედეგებს (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნების შედეგებისა) და საარჩევნო ოლქში გამართული კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების თითოეული სახის შემაჯამებელ ოქმებს, რომლებსაც არაუგვიანეს მომდევნო დღისა გადასცემენ ცესკოს.
ცესკო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული ოქმების საფუძველზე თავის სხდომებზე შეაჯამებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნების შედეგებს და ამის თაობაზე ადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს.