სენატორი ჯონსონი – სააკაშვილის ჩამოსვლაზე: აშშ მხარს არ დაუჭერს მოქმედებას, რომელიც სიტუაციის გამძაფრებასა და დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებას სენატორი რონ ჯონსონი ეხმაურება.

“ამერიკის ხმასთან” სენატორი აცხადებს, რომ აშშ მხარს არ დაუჭერს საქართველოში სიტუაციის გამძაფრებასა და დესტაბილიზაციას.

“შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოში სიმშვიდეს და პოლიტიკურ სტაბილურობას. არ მგონია, შეერთებულ შტატებში ვინმემ მხარი დაუჭიროს ნებისმიერ ისეთ მოქმედებას, რომელიც სიტუაციის გამძაფრებასა და დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად – არ აქვს მნიშვნელობა, ვინ აკეთებს ამას.

ჩვენ გვსურს, საქართველომ საკუთარ მიზნებს მიაღწიოს. იმედი გვაქვს, რომ ყველა პოლიტიკური მოთამაშე, ყველა პარტია ყურადღებას საერთო ინტერესებზე გაამახვილებს, რაც დასავლეთთან მეტ ინტეგრაციას, მზარდ ეკონომიკას, მშვიდობას და სტაბილურობას მოიცავს და არა – რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებას.

დააყენეთ საქართველოს, ქართველი ხალხის ინტერესები ინდივიდუალურ პოლიტიკურ მისწრაფებებსა და პარტიულ მისწრაფებებზე მაღლა. პირველ ყოვლისა, თქვენს ერზე უნდა იფიქროთ. ყველა პოლიტიკურმა მოთამაშემ, რომელსაც სურს, რომ ხალხმა აირჩიოს და ყველა არჩეულმა პირმა, ქვეყნის ინტერესები საკუთარ ინტერესებზე მაღლა უნდა დააყენოს. ასე რომ, მოველით სიმშვიდეს, სტაბილურობას და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას“, – აცხადებს “ამერიკის ხმასთან“ რონ ჯონსონი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები