საფრანგეთში “შეთქმულების თეორიებთან” ბრძოლის კომისია შეიქმნა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა შექმნა კომისია, რომელიც პასუხისმგებელია “შეთქმულების თეორიებთან” ბრძოლაზე, რაც, მაკრონის აზრით, არის „შხამი“, რომელიც საფრთხეს უქმნის საზოგადოებას.

ამის შესახებ The Times-ი წერს.

კომისიის – “განათლება ციფრულ ეპოქაში” შემადგენლობაში 15-მდე მეცნიერი, ასევე, ჟურნალისტები, პედაგოგები და იურისტები შევლენ.

მათ სთხოვეს, მოამზადონ მოხსენება შემდეგ თემებზე: როგორ ავიცილოთ თავიდან ინტერნეტ ალგორითმებით საზოგადოების „დამონება“, როგორ იყენებენ რეკლამები ყალბ ამბებს და როგორ უნდა შეაჩერონ უცხო სახელმწიფოების მიერ “შეთქმულების თეორიების” გავრცელება.

ცოტა ხნის წინ მაკრონმა თქვა, რომ საკვანძო პრობლემა, რომელსაც აწყდება საფრანგეთი, არის შეთქმულების თეორიების გავრცელება, რომელიც მყარდება მიდგომით, რომ “ისინი, ვინც არ არიან ექსპერტები, მაგრამ აქვთ მოსაზრებები კორონავირუსზე, ასევე მართლები არიან, როგორც მეცნიერები “.

ამასთან, კომისიას მოწინააღმდეგეც ჰყავს. მაგალითად, პარიზის საერთაშორისო და სტრატეგიულ საკითხთა ინსტიტუტის პოლიტოლოგმა, ფრანსუა-ბერნარ ჰიუგემ თქვა, რომ ის კომისიის წინააღმდეგია.

”არ მგონია, გამოსავალი იყოს კანონების გამრავლება, სოციალური მედიის ანგარიშების ცენზურა ან ადამიანების კრეტინებად აღქმა”.

შეთქმულების თეორიებმა ბიძგი მისცა ვაქცინაციის საწინააღმდეგო მოძრაობას, რამაც გამოიწვია საპროტესტო აქციები ზაფხულში; ასევე, ამ თეორიებით იკვებებოდა “ყვითელი ჟილეტების” პროტესტი, რომლებმაც პიკს 2019 წლის დასაწყისში მიაღწიეს.

კომპანია YouGov-ის მიერ იანვარში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ საფრანგეთი უფრო მიდრეკილია შეთქმულების თეორიებისკენ, ვიდრე – მეზობელი ბრიტანეთი.

კითხვას, გჯერათ თუ არა, რომ მსოფლიოს “ფარულად ადამიანთა ჯგუფი მართავს”, გამოკითხულთა 36%-მა დადებითად უპასუხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები