ტრამპმა თურქეთისთვის სანქციების მოხსნასა და ევროპაში ამერიკული სამხედრო ყოფნის მომავალზე ისაუბრა
ამერიკის შეერთებული შტატები თურქეთის წინააღმდეგ ცალმხრივი სანქციების მოხსნას აპირებს, რომლებიც ანკარას მიერ რუსული S-400 საზენიტო-სარაკეტო სისტემების შეძენის გამო დაწესდა.
„შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ სანქციებს მოვხსნით“, – განაცხადა ტრამპმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ორმხრივ შეხვედრაზე.
ამერიკისა და თურქეთის ლიდერებს შორის მოლაპარაკებები ანკარაში, ნატოს სამიტის ფარგლებში მიმდინარეობს. ტრამპმა აღნიშნა, რომ ღონისძიებაზე დასწრების მთავარი მიზეზი თურქეთის ლიდერისადმი პატივისცემა იყო.
„ნატო ჩემთვის დიდი იმედგაცრუება იყო. სამიტი თურქეთში რომ არ ჩატარებულიყო, შესაძლოა, არ მოვსულიყავი. მაგრამ ჩემმა მეგობარმა ერდოღანმა მიმიწვია და მეც მოვედი”,- განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, როდესაც ჰკითხეს, აპირებდა თუ არა რეგიონიდან მეტი ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანას, ტრამპმა უპასუხა, რომ ვაშინგტონი ევროპაში ამერიკული სამხედრო ყოფნის შემდგომი შემცირების შესაძლებლობას შეაფასებს.