სარკოზი ერთწლიან სასჯელს სახლში მოიხდის – ელექტრონული სამაჯურის დამაგრებით

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ნოკოლა სარკოზი ე.წ. Bygmalion-ის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ ცნო და თავისუფლების ერთწლიანი აღკვეთა მიუსაჯა, რასაც პოლიტიკოსი სახლში მოიხდის – ელექტრონული სამაჯურის დამაგრებით.

მედია წერს, რომ სარკოზი საკანში არცერთ შემთხვევაში არ წავა და სავარაუდოა, განაჩენს გაასაჩივრებს.

საქმე ეხება 2012 წლის საარჩევნო კამპანიის გაყალბებას. კერძოდ, გამოძიების თანახმად, ნიკოლა სარკოზის გუნდმა წაგებულ საარჩევნო კამპანიაში 43 მილიონი ევრო დახარჯა, რაც დასაშვებ ზღვარზე თითქმის ორჯერ მეტია. დარღვევების დასაფარად, მემარჯვენე პარტიამ – “კავშირი სახალხო მოძრაობისთვის” მიტინგებისა და სხვა ღონისძიებების ორგანიზებისთვის დახარჯული თანხა გაასაღა, როგორც პარტიული ღონისძიებების ხარჯები.

პროკურატურის განცხადებით, ზოგიერთი მომსახურების ქვითრები საერთოდ არ არსებობს. სარკოზის კამპანიას მხარს უჭერდა პიარ-კომპანია – “ბიგმალიონი”. სარკოზისა და მის 13 მხარდამჭერს ბრალი წაუყენეს გაყალბებაში, თაღლითობასა და გაფლანგვაში. თავად პოლიტიკოსი ამბობს, რომ არ იყო საქმის კურსში და “ბიგმალიონი” უკანონო გამდიდრებაში დაადანაშაულა.

თუმცა, როგორც დღეს სასამართლომ დაადგინა, შეუძლებელია, სარკოზის არ სცოდნოდა, რომ კამპანიაზე დახარჯული თანხა დადგენილ 22,5 მილიონ ევროს მნიშვნელოვნად აღემატებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები