სლოვენიაში კოვიდშეზღუდვების მოწინააღმდეგეები ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაშალეს
სლოვენიის დედაქალაქში პოლიციამ კორონავირუსული ზომების წინააღმდეგ საპროტესტო აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაშალა.
მედიის ინფორმაციით, საპასუხოდ, დემონსტრანტები ძალოვანებს ესროდნენ ბოთლებსა და სხვა ნივთებს.
პოლიცია პროცესში მას შემდეგ ჩაერთო, რაც 10 ათასამდე შეკრებილი სკანდირებდა – “თავისუფლება!თავისუფლება!” და მთავარი მაგისტრალის გადაკეტვა სცადა.
აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ქვეყნის მთავრობამ Johnson & Johnson-ის ვაქცინის გამოყენება შეაჩერა, ვაქცინაციის შემდეგ 20 წლის ქალის გარდაცვალების გამოძიების გამო.
როგორც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, იანეზ პოკლუკარმა თქვა, J&J-ის პრეპარატით იმუნიზაციის შეჩერება ძალაში დარჩება მანამ, სანამ ექსპერტები არ დაადგენენ რაიმე კავშირს ქალის გარდაცვალებასა და ვაქცინით აცრას შორის.