უკრაინის საგარეო უწყება: ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ სიგნალები არ მიგვიღია
უკრაინულ მხარეს ევროკომისიისგან არ მიუღია ოფიციალური სიგნალები ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის გაუქმების საფრთხის შესახებ.
ამის შესახებ უკრაინულ მედიას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ოლეგ ნიკოლენკომ განუცხადა.
“ასეთი გადაწყვეტილების მიღების მიზეზი არ არსებობს და არც იარსებებს”, – თქვა მან და ჟურნალისტებს ევროკომისიის მიერ 4 აგვისტოს გამოქვეყნებული ანგარიში შეახსენა, რომელშიც კომისიამ თქვა, რომ დასავლეთ ბალკანეთისა და “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნებმა ვიზალიბერალიზაციის პირობები შეასრულეს. კომისიამ ანგარიშში 2020 წელი და 2021 წლის პირველი ნახევარი შეაჯამა.
“დოკუმენტი შეიცავს პოზიტიურ შეფასებას ჩვენი სახელმწიფოს მიერ უვიზო რეჟიმის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესახებ. რასაკვირველია, იყო რეკომენდაციები მიგრაციის პროცესების მართვისა და ანტიკორუფციული კანონმდებლობის გასაუმჯობესებლად “საშინაო დავალების” გასაგრძელებლად”, – თქვა ნიკოლენკომ.
მისივე თქმით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე შესთავაზა ევროკავშირის ცალკეულ წევრ ქვეყნებსა და ევროკომისიას, ჩაატარონ კონსულტაციები უკრაინის კანონმდებლობის გარკვეული დებულებების გასარკვევად.
“ჩვენ ველით, რომ უახლოეს მომავალში ჩატარდება ასეთი ექსპერტული კონსულტაციები. ამავდროულად, უკრაინა ასრულებს ეროვნული ანგარიშის მომზადებას ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პირობების შესრულების შესახებ”, – დასძინა ნიკოლენკომ.
EUobserver-მა ევროკავშირის 27 სექტემბრის შიდა დოკუმენტზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ევროკავშირის ქვეყნებში მზარდია უკმაყოფილება დასავლეთ ბალკანეთის, ასევე, “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნების მოქალაქეთა მიმართ, რომლებიც უვიზო რეჟიმით სარგებლობის პირობებში ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალურად ცხოვრობენ და თავშესაფრის დაუსაბუთებელი მოთხოვნა აქვთ.
გამოცემა წერს, რომ ზოგიერთი ქვეყანა გამოთქვამს მოსაზრებას, მოხდეს ამ ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის გაუქმება.