არალეგალური ცხოვრება და თავშესაფრის დაუსაბუთებელი მოთხოვნები დასავლეთ ბალკანეთის ზოგიერთი ქვეყნის, ასევე, მოლდოვის, საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეების მხრიდან, იწვევს დისკუსიებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ.
EUobserver-მა ევროკავშირის 27 სექტემბრის შიდა დოკუმენტი მოიპოვა, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში ტურნემდე ერთი დღით, ხოლო ბალკანეთისა და უკრაინის საკითხზე სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე გამოქვეყნდა.
გამოცემის ინფორმაციით, მაგალითად, ჩეხეთი ჩივის, რომ უვიზო რეჟიმის ფარგლებში მესამე ქვეყნის მოქალაქეები ამჟამად შეადგენენ თითქმის 48%-ს, ვინც ამ ქვეყანაში თავშესაფრის უფლებას ითხოვს.
გერმანიაში დაფიქსირებულია თავშესაფრის მოთხოვნის 51%-იანი ზრდა საქართველოს მოქალაქეებისგან; მოლდოვამ ამ მაჩვენებლით 2019 წლის აგვისტოდან – 429%-იანი ნახტომი აჩვენა. დოკუმენტში გერმანია 10 ყველაზე პრობლემურ ქვეყნებს შორის ასევე ასახელებს უკრაინას, ალბანეთსა და სერბეთს. აღინიშნება, რომ, 2020 წლის პანდემიის შემდგომ, წელს თავშესაფრის მაძიებელთა აფეთქებაა ალბანეთის, მოლდოვისა და უკრაინის მოქალაქეების მხრიდან.
ანალოგიური განცხადება გაკეთდა იტალიაში მოლდოვის მისამართით. რომმა გამოთქვა მოსაზრება, რომ მოლდოვას უვიზო რეჟიმი უნდა ჩამოერთვას “არასაკმარისი პროგრესის შემთხვევაში”.
საფრანგეთიც არის უკმაყოფილო საქართველოსა და სერბეთით. სერბეთის მისამართით ის კვლავინდებურად განსაკუთრებით ფრთხილობს.
თავის მხრივ, თავშესაფრის მაძიებელთა “საგანგაშო ზრდაზე” ბელგიამ განაცხადა. აქ განსაკუთრებით ხაზი გაესვა ჩრდილოეთ მაკედონიას.
ამჟამად, ნიდერლანდები ევროკავშირის პირველი და უკანასკნელი ქვეყანაა, რომელმაც უვიზო რეჟიმის შეჩერება მოითხოვა. ალბანეთის მიმართ ქვეყნის 2019 წლის განაცხადზე ევროკომისიამ უარი თქვა.
მონტენეგროს, სერბეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის მოქალაქეებს ევროკავშირში 90 დღის ვადით უვიზოდ შესვლის უფლება აქვთ 2009 წლის დეკემბრიდან, 2010 წლიდან – ალბანეთსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას, მოლდოვას – 2014 წლიდან, ხოლო საქართველოსა და უკრაინას – 2017 წლიდან.
ევროკომისია უვიზო რეჟიმს განიხილავს, როგორც “მნიშვნელოვან მიღწევას” ევროკავშირსა და დასავლეთ ბალკანეთსა და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის ურთიერთობებში, “აღმოსავლეთ პარტნიორობის” პოლიტიკის ფარგლებში.