ნინო წილოსანი: გენდერული თანასწორობის მიმართულებით ევროკავშირის წარმომადგენლობასთან მჭიდრო თანამშრომლობას ვაგრძელებთ
საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში შრომის ბაზრის, მიგრაციისა და გენდერის მიმართულებით ატაშესთან – პროგრამის მენეჯერთან, იუარატე იუოდსნუკიტესთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ნინო წილოსანის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი, ძირითადად, გენდერული თანასწორობის მიმართულებას დაეთმო და მხარეებმა ამ კუთხით თავიანთი საქმიანობის შესახებ ინფორმაციები გაცვალეს, ასევე, შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტებზე.
„ქალბატონი იუარატე აქტიურად ეხმარება საქართველოს იმ ძირითადი პრიორიტეტების განხორციელებაში, რომელსაც გენდერული თანასწორობა გულისხმობს. შესაბამისად, ჩვენ, ამ შეხვედრის ფარგლებში, ერთი მხრივ, ერთმანეთს მივაწოდეთ და გავცვალეთ ინფორმაციები ჩვენი საქმიანობის შესახებ და, მეორე მხრივ, დავგეგმეთ მჭიდრო თანამშრომლობა სამომავლოდ ისეთ პრიორიტეტებზე, როგორიცაა ქალების ეკონომიკური გაძლიერება და ქალების პოლიტიკური გაძლიერება, ამ მიმართულებით გადასადგმელი დამატებითი ნაბიჯებიც განვსაზღვრეთ”, – განაცხადა ნინო წილოსანმა შეხვედრის შემდეგ.