თამარ ტალიაშვილი: საქართველო ევროპის საბჭოსთვის ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარების კუთხით მეტად მიმზიდველი ხდება

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი, თამარ ტალიაშვილი ასამბლეის საშემოდგომო სესიის მუშაობაში იღებს მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში, დეპუტატი ევროპის საბჭოს ახალგაზრდობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ანტიე როთმუნდს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

თამარ ტალიაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში ევროპული საბჭოს ეგიდით ახალგაზრდობის ცენტრის დაფუძნების ინიციატივაზე. ასევე, მასპინძელს გააცნო მთავრობისა და პარლამენტის,  მუნიციპალიტეტების მიერ ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარების საკითხები.

„გასულ წელს საქართველოში გაიხსნა რეგიონში ყველაზე დიდი საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელმაც საქართველოს დამატებით, ახლებური – ახალგაზრდობისა და ინოვაციებისათვის მიმზიდველი მომავალზე ორიენტირებული ქვეყნის სტატუსი შესძინა. ახალგაზრდობის გაძლიერება გახდა საქართველოს ევროპის საბჭოს პრეზიდენტობის ერთ-ერთი პრიორიტეტი. ჩვენ ვხედავთ და მივესალმებით ევროპის საბჭოს მხარდაჭერას ამ სფეროში”, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა შეხვედრაზე.

შეხვედრის ფარგლებში, ანტიე როთმუნდმა თამარ ტალიაშვილს სტრასბურგის ახალგაზრდობის ცენტრი დაათვალიერებინა და ხაზი გაუსვა საქართველოში უკანაკნელ პერიოდში ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებას და ამ კუთხით საქართველოს მიმზიდველობის გაზრდასა და განსაკუთრებულ ადგილს რეგიონში. ევროპის საბჭოს ახალგაზრდობის ცენტრის საქართველოში დაფუძნების პერსპექტივასთან დაკავშირებით, სამომავლოდ ორმხრივი თანამშრომლობა დაიგეგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები