დავით ზალკალიანი: საქართველოს პრემიერმინისტრის სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო ინიციატივას აშშ-ისა და ევროკავშირის მხრიდან ძლიერი, მკაფიო მხარდაჭერა აქვს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას მნიშვნელოვანი ინიციატივა გააჟღერა, რომელიც სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო ინიციატივას ეხება.
ვიცეპრემიერის თქმით, ეს არის ჩვენი შეთავაზება სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის, რათა თბილისი იყოს გამოყენებული, როგორც პლატფორმა დიალოგისთვის, სამხრეთ კავკასიაში სამშვიდობო ინიციატივებთან დაკავშირებით.
ამასთან, დავით ზალკალიანის თქმით, სამხრეთ კავკასიაში ინიციატივას აქვს მკაფიო, ძლიერი მხარდაჭერა აშშ-ისა და ევროკავშირის მხრიდან.
„ქვეყანა თანდათან იძენს საერთაშორისო ფუნქციის როლს. სწორედ ამ როლზე იყო საუბარი ორმხრივ შეხვედრებზე, ასევე, პრემიერის გამოსვლაში, სადაც მან უაღრესად მნიშვნელოვანი ინიციატივა გააჟღერა, ეს გახლავთ სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო ინიციატივა. ეს არის ჩვენი შეთავაზება, პირველ ყოვლისა, ჩვენი მეზობლებისთვის, სომხეთისქ და აზერბაიჯანისთვის, რათა თბილისი იყოს გამოყენებული, როგორც პლატფორმა დიალოგისთვის, სამხრეთ კავკასიაში სამშვიდობო ინიციატივებთან დაკავშირებით. ამ თვალსაზრისით ჩვენ უკვე გვაქვს ხელშესახები მნიშვნელოვანი შედეგი.
პრემიერმინისტრის ინიციატივით განხორციელებული პროცესი აუცილებლად დაიწყება და მინდა, აღვნიშნო, რომ როგორც 2014 წელს ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერმინისტრობის დროს გაერო-ს ტრიბუნაზე გაჟღერდა ახალი ინიციატივა, აბრეშუმის გზის ფორუმის დაფუძნებასთან დაკავშირებით და შემდგომ მან პრაქტიკული განხორციელება ჰპოვა მნიშვნელოვანი ღონისძიებებით, კონკრეტული ვიზიტებით, შედეგებით, პროექტებით, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ინიციატივაც ითარგმნება კონკრეტულ განზომილებებში.
ვიცით, გაინტერესებთ, როგორ უნდა განვითარდეს სამხრეთ კავკასიის მშვიდობიანი ინიციატივა. ეს ასევე გულისხმობს მედიაციის პროცესის გაძლიერებას, გულისხმობს ასევე სამხრეთ კავკასიაში მნიშვნელოვანი, ეკონომიკური, კონკრეტული პროექტების განხორციელებას. რადგანაც, სწორედ ეკონომიკური თანამშრომლობა, ლოჯისტიკური მიმართულებით თანამშრომლობა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, ხალხთაშორისი ურთიერთობის გაძლიერება, კულტურული, ჰუმანიტარული საკითხები, სწორედ ეს არის ის საკითხები, რომლის განხილვასაც ვფიქრობთ ამ ფორმატში.
უახლოეს პერიოდში, რა თქმა უნდა, იქნება საექსპერტო შეხვედრები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ უმაღლეს დონეზე იგივე ჩემი კოლეგების მასპინძლობის თვალსაზრისითაც, მნიშვნელოვანი შესაძლებლობები მოგვეცემა და ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება, გაგრძელდება, მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით. ამ ინიციატივას აქვს ძალიან ძლიერი, მკაფიო მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მხრიდანაც“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.