პარტიის – „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ ინიციატივით, ვარკეთილში ყველის ფესტივალი გაიმართა

პარტიის – „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ ლიდერის, თბილისის მერობის კანდიდატის, ანა დოლიძის და სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატის, ანა მიქაძე-ჩიკვაიძის ინიციატივით, ვარკეთილში – „ბაზარი-უბნებში“ პროექტის ფარგლებში „ყველის ფესტივალი“ გაიმართა.
„ჩვენ გვინდა ვარკეთილის მოსახლეობას ვაჩვენოთ, როგორი პოტენციალი აქვს თითოეული ეზოს, თითოეულ უბანს და სკვერს, იმ შემთხვევაში თუ მმართველ ჯგუფს, ან მერიას ექნება რეალური ნება, რომ მართლაც შთაბეროს ახალი სუნთქვა ამ ტერიტორიებს. ჩვენი მოსახლეობა მთელი კვირის განმავლობაში დაკავებული და დაძაბულია, მათ სჭირდებათ შაბათ -კვირისას მაინც განტვირთვა, რომ გაერთონ და გაახალისონ შვილები. დღეს ჩვენი პარტიის, სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატის ანა მიქაძე-ჩიკვაიძის ინიციატივით, რომელსაც საქართველო იცნობს, როგორც „ყველის დედოფალს“, ვარკეთილში გავაკეთეთ „ყველის ფესტივალი“, იმის საჩვენებლად, რომ ელემენტარული ძალებით არის შესაძლებელი შევქმნათ განწყობა ყველა ეზოში. როგორც ხედავთ, ჩვენ გვაქვს რეალური ხედვა და პროექტები, რომ ახალი სული შთავბეროთ ყველა უბანს და თბილისი ვითარდებოდეს თანაბრად და არა პრესტიჟულობის მიხედვით,“ – განაცხადა ანა დოლიძემ.
სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატის ანა მიქაძე-ჩიკვაიძის განცხადებით, სამგორს აქვს უნიკალური მდებარეობა იმისთვის, რომ ამ უბანში რეალურად განვითარდეს ტურიზმი.
„სამგორი არის არაჩვეულებრივი ტურისტული მაგისტრალი, რადგან იგი პირდაპირ ემიჯნება აეროპორტის ტრასას და კახეთს, რომელიც არის „გადაუხურავი ატრაქცია“ ფერმერული საქმიანობის. ამიტომ აქ სიმბოლურიც კია, რომ პერმანენტულად იმართებოდეს ფესტივალები. ასეთ ღონისძიებებს მხოლოდ თბილისის ცენტრში არ უნდა ვხედავდეთ. მე როგორც ეთნოგრაფიით დაკავებულ მკვლევარს, პოლიტიკოსის რანგშიც ეს მიმართულება მაქვს არჩეული. ჩემი სურვილია, ამ ტიპის დასახლებები იქცეს სამეურნეო კულტურის მარგალიტებად. ეს იქნება პირველ რიგში ეკონომიკური შესაძლებლობა და შემოსავალის წყარო რიგითი ადამიანებისთვის. შეიძლება ეს ვინმეს ჩვეულებრივი ლოზუნგებით საუბარი ეგონოს, მაგრამ მერწმუნეთ, როდესაც არის ბევრი ეთნოგრაფიული ბაზარი, არა, ვთქვათ, ცელოფანით გადახურული, არამედ ნამდვილად ლამაზი, როგორც ევროპულ ქვეყნებშია, იგი გადაიქცევა, როგორც ტურიზმის განვითარების სივრცედ, ასევე შემოსავლის წყაროდ, „ – აღნიშნა ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები