“დრუჟბა”, “ცეცხლმაქრი, “კანისტრა” – მოსკოვმა აღლუმზე ცხინვალს “სამხედრო ტექნიკა” გადასცა

ე.წ. სამხრეთ ოსეთი გუშინ ე.წ რესპუბლიკის დაარსებიდან 31 წლისთავს აღნიშნავდა. ცხინვალში “სამხედრო აღლუმიც” ჩატარდა, რომელსაც ესწრებოდნენ ე.წ.დელეგაციები სოხუმიდან, თვითგამოცხადებული ლუგანსკიდან და დონეცკიდან, სირიიდან და, რა თქმა უნდა, რუსეთიდან.

სამხედრო აღლუმების კლასიკური წეს-ჩვეულების მიხედვით, მოხდა სამხედრო ტექნიკის დემონსტრირებაც. დე ფაქტო ლიდერმა მოსახლეობას ამცნო, რომ რუსეთმა “მოძმე ხალხს” “სამშვიდობო და თავდაცვითი დანიშნულების სამხედრო ტექნიკა” გადასცა.

ტექნიკის მიღების ცერემონიას, რომელიც პომპეზურობით გამოირჩეოდა, ე.წ. დელეგაციები, ასევე, ცხინვალში რუსეთის ე.წ.ელჩი, მარატ კულახმეტოვი ესწრებოდნენ.

როგორც ე.წ. თავდაცვის მინისტრმა, იბრაჰიმ გასეევმა თქვა, “რუსეთის მიერ გადმოცემული აღჭურვილობის ახალი მოდელების წყალობით, ჩვენ შევძლებთ, გავზარდოთ შეიარაღებული ძალების საბრძოლო გამოცდილება და სამობილიზაციო მზადყოფნა”.

მისი თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სამხედრო ტექნიკის მიწოდების მეორე ეტაპსაც განახორციელებს, რომელსაც “მოძმე ხალხი” სულ მალე მიიღებს.

ცერემონიის “ფართოდ გაშუქების” მიუხედავად, არსად წერია, თუ რა სახის “სამხედრო იარაღია” გადაცემული. მაგრამ გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ ცხინვალმა მიიღო: 7 მანქანა; 1 “დრუჟბა”; 2 წყლის ცეცხლმაქრი, 2 “კანისტრა” – საშუალო და დიდი ზომის; სახერხი, ასევე, სასოფლო დანიშნულების სხვა ინვენტარი.

ზეიმის დასრულების შემდეგ, კულახმეტოვმა ბიბილოვს, სიმბოლურად, “უსაფრთხოების გასაღები” გადასცა.

ბიბილოვმა კი სამხედროებს მიმართა თხოვნით, გაუფრთხილდნენ სამხედრო ინვენტარს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები