შსს-მ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი პირი დააკავა
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ძებნილი, 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.ღ. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა მიმდინარე წლის 29 მაისს, თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, „აფხაზეთის განათლების ცენტრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა 1999 წელს დაბადებულ ლ.ს.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული პირის იდენტიფიცირება მალევე მოახდინეს, მიმდინარე წლის 31 მაისს ბ.ღ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. 2 ივნისს კი, მოსამართლის განჩინებისა და პროკურორის დადგენილების საფუძველზე, ბ.ღ. ძებნილად გამოცხადდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შემდეგ, თბილისში დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით გრძელდება, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაკავებული ბ.ღ. პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.