საქართველო „თანაბარი ანაზღაურების საერთაშორისო კოალიციაში“ გაწევრიანდა

საქართველო „თანაბარი ანაზღაურების საერთაშორისო კოალიციაში“ (EPIC) გაწევრიანდა, რითაც ქვეყანა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თანაბარი შრომისთვის თანაბარი ანაზღაურების აუცილებლობას. გაწევრიანების დოკუმენტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ მოაწერა ხელი. დოკუმენტზე ხელმოწერით ქვეყანა გენდერული სახელფასო სხვაობის აღმოფხვრისათვის შესაბამისი ვალდებულებებს შეასრულებს.

„დღეს მსოფლიო ზეიმობს თანაბარი ანაზღაურების დღეს, რითაც მსოფლიო ქვეყნები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ მნიშვნელოვანია ქალსა და მამაკაცს შორის თანაბარი ხელფასის გადახდა სამუშაო ადგილზე. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად საქართველომ ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადადგა, სწორედ ამას მოიაზრებს შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებები, ისევე როგორც შრომის ინსპექციის მანდატი, რომელშიც შედის სამუშაო ადგილებზე ქალსა და მამაკაცს შორის თანაბარი ანაზღაურების შემოწმება, ინსპექტირება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა. საქართველო არის ერთ-ერთი პირველი იმ ქვეყნებს შორის, რომელიც საერთაშორისო კოალიციას უერთდება და ამით იღებს ვალდებულებას, რომ შეიმუშავებს და გააუმჯობესებს, თანაბარი ანაზღაურების მონიტორინგის და უზრუნველყოფის მეთოდოლოგიას, მათ შორის აქტიურად იმუშავებს სოციალურ პარტნიორებთან, რომ დამსაქმებლებმა და დასაქმებულებმა იცოდნენ საკუთარი უფლებების შესახებ და დაინერგოს თანაბარი ანაზღაურების პრაქტიკა, რომელიც მერე უკვე აისახება ქალთა ეკონომიკურ აქტივაციაში, რაც ზოგადად ეკონომიკური კეთილდღეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელია“, – აღნიშნა თამარ ბარკალაიამ.

იმას, რომ გენდერულ ჭრილში ანაზღაურების გათანაბრება სახელმწიფოს პრიორიტეტია კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა საკითხებში.

„ამ პლატფორმასთან მიერთებით კიდევ ერთხელ ვაღიარებთ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველანაირად, როგორც საკანონმდებლო, ასევე პრაქტიკის დონეზე თანაბარი შრომისთვის თანაბარი ანაზღაურების საკითხს. სახელმწიფო ამ თემაზე წლების განმავლობაში მუშაობდა და გარკვეული პროგრესი უკვე გვაქვს, რაც შრომის კანონმდებლობაშია ასახული. აღნიშნული პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია რადგან ხელს უწყობს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას“, – აღნიშნა ნიკო თათულაშვილმა.

„გაეროს ქალთა ორგანიზაციის“ წარმომადგენელმა საქართველოში გენდერული თანასწორობის ნაწილში საქართველოს მიღწევებზე ისაუბრა.

“გენდერული თანასწორობის საკითხებში საქართველოს გასაოცარი შედეგები აქვს, თუმცა ქალთა თანაბარი მონაწილეობის კუთხით მუშაობა კვლავ საჭიროა. დღეს ისტორიული დღეა, რადგან საქართველო შეუერთდა თანაბარი ანაზღაურების საერთაშორისო კოალიციას. ეს მთავრობის მიღწევაა და ქალსა და მამაკაცს შორის თანაბარი ანაზღაურებისთვის გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. აღნიშნული ქართველი ქალებისთვის გამოწვევას წარმოადგენს. მიზნის მისაღწევად ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, დღევანდელი დღე კი აღნიშნულის დასაწყისია”, – აღნიშნა კაორი იშიკავამ.

ღონისძიება სიმბოლურად თანაბარი ანაზღაურების საერთაშორისო დღეს დაემთხვა. შეხვედრაზე მთავრობის, პარლამენტის, კერძო სექტორის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მიმდინარე და ამჟამად დაგეგმილი გენდერული სახელფასო სხვაობის და უთანასწორობის აღმოსაფხვრელი ზომები განიხილეს. მოხდა „თანაბარი ანაზღაურების შეფასების და ანგარიშების“ (EPRR) მეთოდოლოგიის წარდგენა და მისი განხორციელებისათვის აუცილებელი შემდგომი ნაბიჯების განხილვა.

შეხვედრა განხორციელდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის ფარგლებში – „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“, რომელიც დაფინანსებული შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები