დავით ზალკალიანი საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს შეხვდა

ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის და წევრი ქვეყნების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება დაეთმო საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებულ პრიორიტეტულ საკითხებს.

„მინისტრმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს განმეორებით დაუდასტურა ქვეყნის მზაობა, გააგრძელოს ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება და რეფორმების კურსი, რომლის მიზანი ქვეყნის ევროკავშირთან მაქსიმალური დაახლოებაა. განხილულ იქნა ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები და მოლოდინები დეკემბერში დაგეგმილი სამიტისთვის”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებს. დავით ზალკალიანი მიესალმა ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას დამკვირვებელთა მისიის გამოგზავნის თაობაზე.

„შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება და მოხდა საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხებზე პოზიციების შეჯერება. ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებმა კიდევ ერთხელ დადებითად შეაფასეს საქართველოს მიერ შესრულებული მნიშვნელოვანი როლი ავღანეთიდან განხორციელებული ევაკუაციის პროცესში”, – აღნიშნავენ უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები