„ქართული ოცნება” ქარელში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ვიდეომასალას ავრცელებს

პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“ ქარელში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ვიდეომასალას ავრცელებს.

როგორც პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, მასალა ინციდენტის შემდეგ არის გადაღებული.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, კადრებში ჩანს, რომ ინციდენტის შემდეგ ოპერატორი უგონოდ არ იმყოფება.

მან ასევე განმარტა, რომ ვიდეომასალა ქარელში „ქართული ოცნების“ ოფისის წინ დამონტაჟებულმა კამერამ გადაიღო.

„შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ნიკა გვარამიასა და მისი ტელევიზიის მოწყობილი გუშინდელი შოუ შეიცავდა როგორც დეზინფორმაციას, ასევე, ზიზღის ენასა და მანიპულაციას. როგორც იტყვიან ხოლმე, იყო სრული „ბუკეტი“ იმისა, რაზეც ჩვენ ორი დღის წინ ვისაუბრეთ და რისი ლუსტრირებაც მოვახდინეთ. გუშინ წამოცდა გვარამიას ერთ-ერთ ჩართვაში, რომ ოპერატორი კი არ გადმოაგდეს, გადმოვარდა, თუმცა, ასეთი წამოცდენა შეიძლება ისედაც იყოს, ამაზე აღარ გავჩერდები.

ჩვენი შტაბის წინ ქარელში არის კამერა, რომელმაც გადაიღო გარკვეული ეპიზოდი. გვარამიამ გუშინ რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ოპერატორი გადმოვარდნის შემდეგ იყო უგონო მდგომარეობაში. ასევე ის ამბობდა, რომ როდესაც სასწრაფოში რეკავდა ბექა ყორშია, ოპერატორი მაშინაც უგონოდ იყო. კადრში ხედავთ ოპერატორს, რომელიც გადაადგილდება კამერასთან ერთად, შემდეგ ჯდება და არანაირ უგონო მდგომარეობასთან არ გვაქვს საქმე. ეს არის კიდევ ერთი ტყუილი იმისთვის, რომ მოხდეს მანიპულაცია“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები