„არ აქვს მნიშვნელობა რამდენი დროა გასული“ – 11 სექტემბრის 20 წლისთავთან დაკავშირებით ჯო ბაიდენმა ამერიკელებს ერთობისკენ მოუწოდა
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ვიდეომიმართვაში, რომელიც 11 სექტემბრის ტერაქტის 20 წლისთავთან დაკავშირებით გაავრცელა, ამერიკელებს ერთობისკენ მოუწოდებს.
პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში ტერაქტის შედეგად დაღუპული 2977 ადამიანის ხსოვნას მიაგო პატივი. მათგან უმრავლესობა ნიუ-იორკის ტყუპი შენობების ნგრევის შედეგად დაიღუპა.
პრეზიდენტმა, ასევე, მადლობა გადაუხადა სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც ტერაქტის ადგილას მუშაობდნენ.
„ჩვენ პატივს ვცემთ ყველას, ვინც საკუთარ სიცოცხლეს სწირავდა იმ წუთებში, საათებში, თვეებში და წლებში მომხდარის შემდეგ. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი დრო გავიდა, ამბის გახსენება ყველა ტკივილს აბრუნებს, თითქოს ახლახან მოისმინე ახალი ამბები“, – განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა „ადამიანის ბუნების მხარეებზე – შიშსა და განრისხებაზე, მიუღებლობასა და ამერიკელი-მუსულმანების მიმართ ძალადობაზე“, რამაც თავი იჩინა ტერაქტის შემდეგ, თუმცა განმარტა, რომ აშშ-მა ერთობა შეინარჩუნა.
მისი თქმით, ერთობა ეს არ ნიშნავს ერთნაირ შეხედულებებს, არამედ ფუნდამენტურ ურთიერთპატივიცემას და ერთმანეთის რწმენას.