კახა კალაძე: ავარიულ შენობებში მცხოვრები მოქალაქეები ახალაშენებულ, გარემონტებულ ბინებში დაბრუნდებიან

ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების პროგრამისა და რეგულაციების დამტკიცების შემდეგ, დედაქალაქში არსებული 10 000-მდე ავარიული შენობა ეტაპობრივად ჩანაცვლდება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ მოსახლეობასთან ონლაინ შეხვედრის დროს განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად, ავარიული შენობა-ნაგებობებიდან მოსახლეობის გაყვანისა და ქირით უზრუნველყოფისთვის ათეულობით მილიონ ლარს ხარჯავს.

„ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს და საინტერესო პროექტების განხორციელებას ვაპირებთ. გუშინ წარმოვადგინეთ ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, ყველა რაიონში გვაქვს მსგავსი შენობა-ნაგებობები. ცხადია, ეს ყველაფერი ავარიულობის სხვადასხვა ხარისხით განისაზღვრება. ქალაქში 10 000-მდე ასეთი შენობა-ნაგებობაა და მათი არსებობა ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. გვაქვს ისეთი შენობები, რომლებიც ავარიულობის მეხუთე კატეგორიას განეკუთვნება და საცხოვრებლად უვარგისია. მოქალაქეები ასეთი სახლებიდან გაყვანილი გვყავს. ცალკე იჯარის და ცალკე ქირით გაყვანაზე, ძალიან დიდ თანხებს ვიხდით – მილიონობით ლარი იხარჯება. ამას ემატება გამაგრების სამუშაოები, რომელიც ყოველწლიურად, ასევე, ათეულობით მილიონი ლარის ღირებულებისაა. გააკეთებ და ოთხი-ხუთი წლის შემდეგ, თავიდან არის გასაკეთებელი. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს თანხები ჩანაცვლების პროგრამისკენ მივმართოთ და სამშენებლო კომპანიები შემოვიყვანოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მშენებლობის პროცესში, მუნიციპალიტეტის მერია ყველა ოჯახს დროებით, ქირით უზრუნველყოფს. მშენებლობის დასრულების შემდეგ კი, ისინი გარემონტებულ და მოწესრიგებულ საცხოვრებლებს დაუბრუნდებიან.

„აღნიშნულ პროცესში პასუხისმგებლობას იღებს და გარანტორად დგება დედაქალაქის მერია. მაგალითად, თუ არის ხუთსართულიანი ავარიული შენობა-ნაგებობა, მუნიციპალიტეტის ჩართულობით, ხუთსართულიანის ნაცვლად, აშენდება რვასართულიანი შენობა. მშენებლობის პროცესში, ყველა ოჯახი გაყვანილი იქნება ქირით, რომლის უზრუნველყოფას თბილისის მერია მოახდენს. მოქალაქეები დაბრუნდებიან ახალაშენებულ შენობა-ნაგებობებში, რომლებიც ენერგოეფექტური მასალებით იქნება აშენებული. მათ გარემონტებული, ყველანაირად მოწესრიგებული საცხოვრებელი დახვდებათ“, – აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

რაც შეეხება მსგავსი შენობა-ნაგებობების ქვედა ტერიტორიას, კახა კალაძის განცხადებით, მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში, ტერიტორიაზე არსებული ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდება და მათ ნაცვლად, რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა.

„ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდება და მათ ნაცვლად, დასასვენებელი, რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა. ცხადია, ოთხი წლის განმავლობაში, 10 000 შენობის ჩანაცვლება ვერ მოხერხდება, მაგრამ ყველაზე მთავარია ის, რომ პროგრამა და რეგულაციები მტკიცდება, თუ როგორი ფორმით უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი. როცა მერი არ იქნება კახა კალაძე, იარსებებს კონკრეტული პროგრამა, რომლის საშუალებითაც, დედაქალაქის მთავრობაში მოსულ ახალ გუნდს, ექნება შესაძლებლობა, რომ ეს პროექტი გააგრძელოს და თბილისელებს დაეხმარონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები