სლოვენიაში სახელმწიფო მოხელეებისთვის კოვიდწესები გამკაცრდება
სლოვენიაში სახელმწიფო უწყებებში მომუშავე ადამიანები, სავარაუდოდ, პირველი ჯგუფი გახდებიან, რომლებსაც კორონავირუსული წესების გამკაცრება შეეხება.
ამის შესახებ Euractiv-ი წერს.
როგორც ქვეყნის ეკონომიკის მინისტრმა, ზრდავკო პოჩივალიშეკმა თქვა, “საჯარო მოსამსახურეებს, რომლებიც უშუალოდ კონტაქტობენ სხვა ადამიანებთან, რაღაც მომენტში მოუწევთ ვაქცინაცია ან მათ დასჭირდებათ ვირუსისგან გამოჯანმრთელების ცნობა, რადგან კორონავირუსზე უარყოფითი ტესტი საკმარისი აღარ იქნება”.
მინისტრის თქმით, კარანტინი აღარ იქნება.
”ეს აღარ განმეორდება, რადგან ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, პანდემია შევაკავოთ სამედიცინო ზომებით”, – თქვა მან.
მინისტრმა ასევე თქვა, რომ სახელმწიფო ადმინისტრაცია იქნება პირველი, ვინც აჩვენებს, რომ “ამის გაკეთება შესაძლებელია, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობა გვაძლევს ამის მოთხოვნის შესაძლებლობას მათგან, ვინც კონტაქტშია ადამიანებთან”.
სლოვენიაში არსებული შეზღუდვები მოითხოვს უამრავ სფეროში მომუშავე პერსონალისგან, როგორიცაა ჯანდაცვა, საცალო ვაჭრობა და სასტუმროს ბიზნესი, იყოს აცრილი ან ჰქონდეს გამოჯანმრთელების ცნობა, ან/და კვირაში ერთხელ გაიაროს ტესტირება.