“ჩემი ოჯახის წინააღმდეგ ძალადობა და ფსიქოლოგიური ტერორი მიმდინარეობს” – გოგა ხაინდრავა
” 2 დღის განმავლობაში ჩემი ოჯახის წინააღმდეგ ძალადობა და ფსიქოლოგიური ტერორი მიმდინარეობს”, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ხაინდრავა ძალადობაში ტელეკომპანია “tv პირველს” ადანაშაულებს.
“2 დღის განმავლობაში ჩემი ოჯახის წინააღმდეგ ძალადობა და ფსიქოლოგიური ტერორი მიმდინარეობს.
გუშინ ეს განხორციელდა ჩემს სახლში იმ ზონდერჯგუფების მიერ, რომლებიც ჟურნალისტიკას არიან ამოფარებულები. მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ, სახლში არ ვიყავი, ჩემთან ჰქონდათ სატელეფონო კომუნიკაცია, ვუთხარი, რომ მათთან ურთიერთობის არანაირი სურვილი არ მაქვს – რამდენჯერმე ვუთხარი, ხელს ნუ მიშლიდნენ, რადგან სამსახურში ვიყავი. ამის შემდეგ ისინი მიცვივდნენ ჩემს სახლში, ააწიოკეს ჩემი სახლი, სადაც იყვნენ ჩემი მეუღლე, მცირეწლოვანი შვილიშვილი და ჩემი ქალიშვილი. ჩემს მეუღლესა და შვილიშვილს ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენეს. მათ არაერთხელ განემარტათ, რომ სახლში არ ვიყავი და სთხოვეს, ოჯახისთვის თავი დაენებებინათ. მათ ეს არ გააკეთეს. 2 საათის განმავლობაში ჩემს ოჯახში შეღწევას ცდილობდნენ. არაფრით დაანებეს თავი, სანამ ჩემი მეუღლე ისტერიკამდე არ მიიყვანეს. დღეს ტერორი გაგრძელდა ჩემი შვილის ოჯახზე, რომელიც სოფელში ცხოვრობს. მას იქ მიუცვივდნენ. იქ მყოფებმა გააფრთხილეს, რომ ესაა კერძო საკუთრება. ისინი შეიჭრნენ ამ ტერიტორიაზე და ძალადობდნენ”, – განაცხადა ხაინდრავამ.
მისი თქმით, ძალადობის ჩამდენები მათ ქმედებებზე პასუხს მიიღებენ.
” მე არ ვარ საჯარო მოხელე, პოლიტიკოსი, არცერთი პარტიის წევრი, არ ვარ საარჩევნო კამპანიაში ჩართული. მე ვარ კერძო პირი, თმენის არანაირი პოლიტიკური ვალდებულება არ მაქვს და თმენას არც ვაპირებ.
მინდა, მივმართო ამ მედიასაროსკიპოს, რომელსაც “tv პირველი” ჰქვია, მის ხელმძღვანელობას, როენა მამიდა გრიგოლიას, სუტინიორ მელაძეს, რასაც ისინი ჩადიან, ეს ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევაა. ესაა ფსიქოლოგიური ტერორი, რომლის შედეგადაც ადამიანის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება ხდება. ეს წინასწარ ორგანიზებული ოპერაციებია. ამის გამო, ვპირდები, რომ მძიმე პასუხს აგებენ.
მინდა, მივმართო ამ საროსკიპოების მფლობელებს, დამფინანსებლებს, მამა- შვილ წერეთლებს, ბადრი ჯაფარიძეს. მამუკა ხაზარაძეს, თემურ ჭყონიას. მინდა, მათ ვუთხრა, თუ ჩემი ოჯახის წინააღმდეგ მსგავსი ქმედება კიდევ განმეორდება, ამას ჩავთვლი, როგორც აგრესიულ აქტს ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ. დაფიქრდნენ, მიცნობენ და გაიაზრონ, რა პასუხს მიიღებენ ჩემგან.
მინდა, მივმართო დიპლომატიურ მისიებს საქართველოში, ვინც ადამიანის უფლებებს იცავს. გაგახსენებთ ერთ ფაქტს, როცა აშშ- ის ელჩი, კელი დეგნანი დიდი გულმოდგინებით იცავდა ვახო სანაიას ოჯახის უფლებებსა და უსაფრთხოებას. მინდა, ვკითხო ქალბატონ დეგნანს, ის მხოლოდ მას იცავს, ვისაც პრესის წარმომადგენლად თვლის, თუ მეც შეიძლება, მქონდეს იმედი, რომ როცა სახლში არ ვიქნები, ჩემი მეუღლის, ქალიშვილის, მცირეწლოვანი შვილიშვილის უფლებები და უსაფრთხოება დაცული იქნება მისი მხრიდან.
ყველა მისიას მივმართავ: პოლიტიკური და მედიატერორი უნდა შეწყდეს.
ჩემი ოჯახის წინააღმდეგ ნებისმიერი ძალადობრივი აქტი და ფსიქოლოგიური ტერორი პასუხგაცემული იქნება და ეს პასუხი იქნება ძალიან მძიმე”, – განაცხადა ხაინდრავამ.