ზელენსკი რუსეთთან ფართომასშტაბიან ომს არ გამორიცხავს

​უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინისთვის რუსეთთან ფართომასშტაბიანი ომის საფრთხე არსებობს.

შესაბამისი კითხვა პრეზიდენტს კიევში, ფორუმ YES Brainstorming-ზე დაუსვეს.

“მე ვფიქრობ, შესაძლებელია. არის პოტენციალი ამ თემაში. ეს იქნება რუსეთის უდიდესი შეცდომა, რადგან ამის შემდეგ აღარ იარსებებს მეზობლობა რუსეთს, უკრაინასა და ბელორუსს შორის,” – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, მედიასივრცეში, მოსკოვის ქმედებების გამო, სახელმწიფოები მტრები გახდნენ.

“პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ დღეს რუსეთის საინფორმაციო პოლიტიკა აგებულია უკრაინის დამოუკიდებლობისადმი უპატივცემულობაზე. და პრობლემა არ არის ამა თუ იმ პოლიტტექნოლოგის არჩევანში, რომელმაც შემოიღო ეს ნარატივი “რუსული სამყაროს” შესახებ, არამედ იმაშია, რომ ამის შემდეგ უკრაინელი ხალხის დამოკიდებულება რუსების მიმართ შეიცვალა. არანაირი ურთიერთობა არ არსებობს,” – აღნიშნა ზელენსკიმ.

ვლადიმერ პუტინისადმი დამოკიდებულებაზე საუბრისას მან თქვა, რომ “არ აქვს საკმარისი დრო მასზე ფიქრისთვის”.

“მე უფრო მეტად მაინტერესებს, შევძლებთ თუ არა საგნობრივ შეხვედრას, არა დეკლარირებულად, როგორც ის აკეთებს ზოგიერთი ქვეყნის მიმართ, არამედ ნამდვილად შევხვდეთ, გაცილებით საგნობრივად, ვიდრე ეს იყო პირველ შეხვედრაზე “ნორმანდიულ ფორმატში”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები