პუტინმა და ლუკაშენკომ სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის ყველა პუნქტი შეათანხმეს – მომავალში სამოკავშირეო პარლამენტის შექმნა არ გამოირიცხება

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ბელორუსთან სამოკავშირეო პარლამენტის შექმნას არ გამორიცხავს.

ამის შესახებ პუტინმა ალექსანდრე ლუკაშენკოსთან გამართული 4-საათიანი მოლაპარაკების შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შეხვედრა ნაყოფიერი იყო და მოხერხდა სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის პროგრამის 28-ვე პუნქტის შეჯერება.

მისი თქმით, დოკუმენტებში საუბარია სავალუტო სისტემების ინტეგრაციაზე, არაპირდაპირი გადასახადების დაწესების პრინციპებსა და ტერორიზმთან ბრძოლაზე. მაკროეკონომიკური პოლიტიკა გახდება ერთიანი, ქვეყნები ინტეგრირებენ გადახდის სისტემებსა და ჰარმონიზებენ მონეტარულ პოლიტიკას.

ასევე, შეთანხმების შესაბამისად, 2023 წლის 1-ელ დეკემბრამდე ხელი მოეწერება შეთანხმებას გაზის ერთიან ბაზარზე. ამავდროულად, მინსკისთვის რუსული საწვავის ფასი 2022 წელს 2021 წლის დონეზე დარჩება – 128.5 დოლარი ათას კუბურ მეტრზე, მიუხედავად იმისა, რომ მისი ღირებულება ევროპულ ბაზარზე 650 დოლარია ათას კუბურ მეტრზე.

მოლაპარაკება ასევე ითვალისწინებს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბაზრების გაერთიანებას, ასევე, ელექტროენერგიის ერთიან ბაზარს.

”რაც შეეხება პოლიტიკურ ინტეგრაციას, ასეთი ამოცანები დაისახა სამოკავშირეო ხელშეკრულებაში თავიდანვე, როდესაც ის 1997 წელს ჩამოყალიბდა, ასევე, როდესაც ხელი მოეწერა ცოტა მოგვიანებით. ჩვენ გამოვდივართ იქედან, რომ, საჭიროა ჯერ ეკონომიკური საფუძვლის შექმნა, რათა გავაგრძელოთ სვლა, მათ შორის, პოლიტიკურ გზაზე. ეს საკითხები არ განგვიხილავს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ეკონომიკასთან გამკლავება, შემდეგ კი ყველაფერი ბუნებრივად მოითხოვს დამატებით რეგულირებას, მათ შორის, ალბათ, სამოკავშირეო პარლამენტის დონეზე. მე არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი რამ შეიქმნას. მაგრამ ამისთვის, რასაც ჰქვია, გაზრდაა საჭირო”, – განმარტა პუტინმა.

მისივე თქმით, ასეთი საკითხი, ჯერჯერობით, დღის წესრიგში არ დამდგარა და ლუკაშენკოსთან ამაზე საუბარი არ ყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები