სირიის ლიდერის პირველი ვიზიტი ვაშინგტონში: ალ-შარაა თეთრ სახლში ტრამპს შეხვდება
სირიის პრეზიდენტი აჰმად ალ-შარაა თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ოფიციალურ შეხვედრას გამართავს. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა სირიის მოქმედი პრეზიდენტი ვაშინგტონს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ქვეყნის დამოუკიდებლობის შემდეგ.
მედიის ინფორმაციით, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში მხარეები განიხილავენ სირიის წინააღმდეგ მოქმედი ამერიკული სანქციების შემსუბუქებისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს. ალ-შარაას განცხადებით, მისი მიზანია სირიის დაბრუნება საერთაშორისო დიპლომატიურ არენაზე და თანამშრომლობის ახალი არხების გახსნა დასავლურ სახელმწიფოებთან.
თეთრი სახლის პრესმდივნის თქმით, შეხვედრა პრეზიდენტ ტრამპის ფართო დიპლომატიური დღის წესრიგის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს დიალოგის გაღრმავებას ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან.
დიპლომატიური წყაროების ცნობით, სავარაუდოდ, სირია ოფიციალურად შეუერთდება აშშ-ის მეთაურობით მოქმედ კოალიციას „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ.
როგორც უცხოური მედია წერს, ანალიტიკოსების შეფასებით, ეს ვიზიტი შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი სირიის საერთაშორისო იზოლაციიდან გამოსვლისკენ და ახალი ფაზის დაწყებისკენ ამერიკა–სირიის ურთიერთობებში.
შეგახსენებთ, აშშ-ში ალ-შარაას ჩასვლამდე, გაერო-ს უშიშროების საბჭომ სირიის პრეზიდენტისა და მთავრობის სხვა წარმომადგენლების მიმართ სანქციების მოხსნას მისცა ხმა, რაც გაეროში აშშ-ის ელჩის, მაიკ უოლცის თქმით, იმის ძლიერი ნიშანია, რომ სირია ასადის დამხობის შემდეგ ახალ ერაშია.