გიორგი ცუცქირიძე – ოპოზიციაზე: წინასაარჩევნოდ, პროცესები შიდა დაპირისპირებებისა და სკანდალების ფონზე მიმდინარეობს

“ადგილობრივ თვითმართველობის არჩევნებამდე ოთხი კვირით ადრე, იმ პროცესების ფონზე, რაც ბოლო დღეებში ოპოფლანგზე ვითარდება, არჩევნების სავარაუდო სცენარებზე გარკვეული დასკვნების გამოტანა უკვე შეიძლება”, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ოპოციზიაში წინასაარჩევნო აქტივობები პროცესები შიდა დაპირისპირებებისა და სკანდალების ფონზე მიმდინარეობს.

“პარტიებიდან, თუ რომელიმე სრულყოფილ საარჩევნო კამპანიას აწარმოებს, მოსახლეობასთან შეხვედრებით დაწყებული და პროგრამით დამთავრებული, “ქართულ ოცნებაზე” თუ ითქმის.

ოპოზიციამ ცალ-ცალკე თუ ერთად აღებულმა, არა მხოლოდ აშკარად დაგვიანებით დაიწყო საარჩევნო აქტივობა, და დღესაც კი არა აქვს სიები შეთანხმებული ბოლომდე, არამედ პროცესები შიდა დაპირისპირებებისა და სკანდალების ფონზე მიმდინარეობს.

ამიტომ შემთხვევითი არც ის გარემოებაა, რომ არანაირი საპროგრამო დოკუმენტი თუ თეზისები არსებული სიტუაციიდან გამოსავალზე ან მომავლის ხედვაზე, ოპოზიციას არ წარმოუდგენია. ერთადერთ მთავარ მესიჯ ბოქსად და ფაქტიურად ადგილობრივი არჩევნების ალტერნატივად ვადამდელზე გასვლის წინაპირობით ე.წ რეფერენდუმი წამოაყენა და ისიც თეორიულ ასპექტში, რადგან ოცნება მიშელის შეთანხმებიდან ისედაც გასულია.

რამდენად იმუშავებს ეს ტაქტიკა ძნელი სათქმელია, მაშინ როდესაც კოვიდ პანდემიურ ეკონომიკაში ადამიანები ყოფითი პრობლემების გადაწყვეტით უფრო არიან დაკავებული და ყველა გამოკითხვითაც პრიორიტეტად უმუშევრობა, გაზრდილი ფასები თუ არასაკმარისი შემოსავლები სახელდება, ჯანდაცვის პრობლემებთან ერთად.

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება მეტად დამაინტრიგებელ ეკონომიკურ პროგრამას აანონსებს, რაც ადგილობრივი წარმოების სტიმულირებისათვის 2.5 მილიარდის დახარჯვას ითვალისწინებს, და ასი ათასამდე ახალ სამუშაო ადგილს შექმნის, ხოლი ოპოზიცია ვერ ქმნის ხელისუფლების ალტერნატივას, ვერც საერთო მწყობრი ხედვით და ვერც სინერგიით, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს ოცნების უპირობო გამარჯვებას.

დღევანდელი ფორმაციის ოცნებას, ოპოზიციის სისუსტის ფონზეც კი, ჯერ მაინც დასამტკიცებელი აქვს კიდევ ერთი ვადით მიიღებს თუ არა ნდობის ახალ კრედიტს და არა მხოლოდ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში “ლეგიტიმაციის ზღვარზე” გავლის გამო.

ამიტომაც აქვს ანტიპანდემიურ მენეჯმენტს და იმუნიზაციის სწორ მართვას გადამწყვეტი მნიშვნელობა და თუ არჩევნებამდე დარჩენილ დროში. პამდემიის შემცირებასთან ერთად, არსებული ლეტალობის მზარდი ტრენდი არ შემცირდა თან მკვეთრად, ოცნებას ახალი კრედიტის მიღება გაუჭირდება. დიდი ალბათობითაც პროცესები პოლიტიკურ კრიზისში გადავა და ვადამდელზეც გავა, ვადამდელის პირობებში კი ოცნების კარტ ბლანში ნამდვილად აღარ ექნება.

ოპოზიციურ ველზე აქ სხვა ფაქტორებიც საინტერესოა, მათ შორის გახარიას ფაქტორი. ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო ორი დღეა პარტიის რღვევის პროცესი მიმდინარეობს, და ერთმანეთის მოყოლებით ტოვებენ საარჩევნო სიებს თუ პარტიას მის წევრები სხვადასხვა რეგიონებში. ახლა ამ ყველაფრის ზეწოლაზე გადაბრალება, ასე რომც იყოს პრობლემის გამარტივება იქნებოდა. მაშინ ცოტა გაუგებარია ორი თვის წინ ეს ადამიანები ასევე მწყობრად რატომ ტოვებდენ ოცნების რიგებს და ახალ პარტიაში რატომ გადადიოდენ?!

ისედაც ცხადი იყო, რომ მოკლე ვადაში პოლიტიკური კუშის მოხსნა ძალზე ძნელი იქნებოდა. ძირითადად ტექნოკრატებზე ბაზირებული პარტია, სერიოზული ფინანსების და საინფორმაციო მხარდაჭერის გარეშე კონკურენტუნარიანი ვერ იქნებოდა, მით უმეტეს მოკლევადიან პერიოდში. ცალკე საკითხია რამდენად სწორად იყო შერჩეული პოზიციონირების და განცხადებების თანამიმდევრულობა, როგორც ნაცმოძრაობასთან ისე, მართველ პარტიასთან დამოკიდებულებაში.

დღეს ერთადერთი შანსი გახარიასათვის ვადამდელი რჩება. თუ ვადამდელზე გავიდა, არა მხოლოდ ჰანდიკაპს მიიღებს, მიუხედავად პირველი ლოქდაუნის დროს ეკონომიკის მინუსებში გასვლის გამო, არამედ მისი პრემიერობისას პანდემიის აფეთქების შეკავების და განსაკუთრებით დაბალი სიკვდილიანობიდან გამომდინარე. ვფიქრობ, ამიტომაც დააყენა გიორგი გახარიამ საკუთარი კანდიდატურა თბილისში, რაც არჩევნების მეორე ტურში გადაყვანაზე და ოცნების ვერმოგებაზეა გათვლილი.

დღეს, ანტიპანდემიურ პოლიტიკურ რაკურსში ოცნებისათვის ყველაზე დიდი გამოწვევა არა ოპოზიციასთან თემატური დებატები, არამედ პანდემიის მართვასთან ერთად, საინფორმაციო ომის არწაგება იქნება.

შემთხვევითი არ არის, რომ ნაციონალური მოძრაობა, მასთან აფილირებულ ოპოზიციასთან ერთად დარჩენილ დროში, წინასაარჩევნო სტრატეგიას, სწორედ ოცნების დემონიზაციის საინფორმაციო პოლიტიკაზე ააგებს.

პარტიული ტელევიზიებით, ოცნების ხელისუფლებაში დარჩენა ქვეყნის საბოლოოდ უპერსპექტივობაში გადაჩეხვის, რუსიფიკაციის და ეკონომიკის ჩამოშლის მუქ ფერებში, დეზინფორმაციის, შიშის, უიმედობის და მომავალი ქაოსის მატრიცით იქნება შემოთავაზებული. ეს უკვე ღიად ჩანს ერთ -ერთი წამყვანი ოპომედიის(ვგულისხმობ ტვ პირველს) გუშინდელი ახალი საინფორმაციო ბადიდანაც.

სექტემბერი კომპრომატების ახალი გამოყრით და სკანდალებით იქნება უხვად გაჯერებული, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს წაგებული თავად საზოგადოება რჩება.

ოცნების მთავარი ამოცანა, არა ამ არჩევნების უბრალოდ მოგება, რაც რეალობასთან ყველაზე ახლოა, არამედ ქვეყნის ამ სახიფათო შტორმიდან ნაკლები დანაკარგებით გაყვანა იქნება”, – წერს გიორგი ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები