ნორვეგიაში 12-15 წლის მოზარდებს Pfizer-ის ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზით აცრიან

ნორვეგიის პრემიერმინისტრის, ერნა სოლბერგის განცხადებით, ქვეყანაში 12-15 წლის მოზარდებს Pfizer-ის ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზით აცრიან.

მისი თქმით, შესაბამისი რეკომენდაციით ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სააგენტო გამოვიდა.

რაც შეეხება ვაქცინის ერთი დოზის შეყვანას, სააგენტოში განმარტავენ, რომ ამ გზით “ახალგაზრდებში სერიოზული ავადმყოფობის რისკი შემცირდება, ასევე, ძალიან იშვიათ, მაგრამ სერიოზულ გვერდით ეფექტს, მიოკარდიტს ავიცილებთ, რომელიც ფიქსირდება, ძირითადად, მეორე დოზის შემდეგ”.

თავის მხრივ, ნორვეგიის პრემიერმა თქვა, რომ ​”ახალგაზრდებსა და ბავშვებში ინფიცირების მაჩვენებელი ძალიან მაღალია. ვაქცინაცია საშუალებას მისცემს ამ ჯგუფს, დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას”.

აღსანიშნავია, რომ მოზარდების აცრის საბოლოო გადაწყვეტილებას მათი მშობლები მიიღებენ.

ნორვეგიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სააგენტოში აცხადებენ, რომ ბავშვებს შორის კორონავირუსის მძიმე შემთხვევები ძალიან იშვიათია: ჩვილებით დაწყებული 17 წლამდე მოზარდებით დამთავრებული, მძიმე შემთხვევები მხოლოდ 0.4%-ს შეადგენს, 30%-ის შემთხვევაში კი დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები