სანდრო თვალჭრელიძე: მადლობა ღმერთს, რომ ავღანეთს არ ვესაზღვრებით და პირდაპირი საფრთხე ახლა არ გვემუქრება, მაგრამ როგორც ტერორისტული, ასევე, ნარკოტრაფიკის საფრთხე საქართველოსთვის იზრდება

“საშინელებაა, რაც ავღანეთში მოხდა. ეს არის დიდი ტრაგედია. მხოლოდ ტერაქტს არ ვგულისხმობ, რომელიც თვითონ თალიბებისთვისაც საზიანო იყო. ავღანეთში “თალიბანის” რეჟიმის დაბრუნებაა საშინელება”, – ამის შესახებ ექსპერტმა, სანდრო თვალჭრელიძემ გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს პირდაპირი საფრთხე ახლა არ ემუქრება, მაგრამ როგორც ტერორისტული, ასევე, ნარკოტრაფიკის საფრთხე ქვეყნისთვის იზრდება.

“ფაქტია, რომ “თალიბანის” დაბრუნების შემდეგ სხვა ტერორისტული ორგანიზაციებიც გამოიღვიძებენ, შესაბამისად, მსოფლიოში და, მათ შორის – ჩვენს რეგიონშიც, ტერორისტული რისკი გაიზრდება.

საშინელებაა, რაც ავღანეთში მოხდა. ეს არის დიდი ტრაგედია. მხოლოდ ტერაქტს არ ვგულისხმობ, რომელიც თვითონ ,,თალიბებისთვისაც,, საზიანო იყო. ავღანეთში “თალიბანის” რეჟიმის დაბრუნებაა საშინელება.

თავის დროზე მოჯაჰედები ამერიკელებმა შექმნეს ავღანეთში საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ საბრძოლველად. ერთ-ერთი პირველი, ვინც გაწვრთნეს და დააფინანსეს, იყო უსამა ბინ ლადენი. “ისლამური სახელმწიფოც” იმ ჯგუფების საფუძველზე შეიქმნა, რომელთაც ამერიკელები ამარაგებდნენ ფულითა და იარაღით ბაშარ ასადის წინააღმდეგ საბრძოლველად, ასე რომ, ამერიკის წინდაუხედავი და გაუთვლელი ნაბიჯების შედეგია ეს ყველაფერი. კონკრეტულ მომენტში სჭირდებათ და დგამენ რაღაც ნაბიჯს ისე, რომ არ ფიქრობენ, 10 წლის შემდეგ ეს რა შედეგს მოიტანს.
,,თალიბების,, მოძრაობა ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მოძრაობაა “ისლამურ სამყაროში”. ახლა, ალბათ, სახელმწიფოს აშენებას ეცდებიან, მაგრამ ეს სახელმწიფო გაცილებით უარესი იქნება, ვიდრე ირანი. ეს იქნება არნახულად სასტიკი ისლამური რეჟიმი, სადაც შარიათის ყველა მუხლი იქნება დაცული. მოკლედ, საქმე გვაქვს საშინელ რეგრესთან, რაც რეგიონზე დიდ გავლენას მოახდენს. ავღანეთში “თალიბანის” გამარჯვებამ ყველა ტერორისტული ორგანიზაცია გაააქტიურა, პირველ ყოვლისა კი, “ისლამური სახელმწიფო”. მადლობა ღმერთს, რომ ავღანეთს არ ვესაზღვრებით და პირდაპირი საფრთხე ახლა არ გვემუქრება, მაგრამ როგორც ტერორისტული, ასევე, ნარკოტრაფიკის საფრთხე საქართველოსთვის იზრდება”, – აცხადებს თვალჭრელიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები