გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 6 თვეში თბილისში 1075 სამართალდარღვევა გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, დედაქალაქში 1075 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს. მათგან 8 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამართალდარღვევებიდან ყველაზე მეტი – 551, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ფაქტია; 126 – ატმოსფერული ჰაერის კანონმდებლობის დარღვევა, 38 – წიაღითსარგებლობის ლიცენზიის პირობებს დარღვევა, 30 – ნებართვის პირობების დარღვევა/უნებართვო საქმიანობა, 24 – წყლის კანონმდებლობის დარღვევა, 10 – მიწის კანონმდებლობის დარღვევა, ასევე 10 – თევზჭერის წესების დარღვევა, 9 – უკანონო ტყითსარგებლობა, 277 კი – სხვა დარღვევა.
“გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, დეპარტამენტი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქშიც მუდმივ და ეფექტიან კონტროლს ახორციელებს როგორც გარემოსდაცვითი პატრულირების, ისე ინსპექტირების მიმართულებით. პარალელურად, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.