სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მელიორაციის ახალი სერვისები ამოქმედდა
დღეიდან, სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მელიორაციის სექტორის სამი ახალი სერვისი იუსტიციის სახლის ყველა ფილიალშია ხელმისაწვდომი.
სემეკის ინფორმაციით, ახალი მომსახურებები მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, განაცხადი გააკეთონ ახალი წყალმომარაგების განრიგის შეთანხმების, არსებული განრიგის შეცვლისა და გაუქმების მოთხოვნით. მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს.
„საქართველოს მელიორაციის” მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ როგორც მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს, ისე დროებით მფლობელებს. სერვისის მისაღებად აუცილებელია დაინტერესებული პირი რეგისტრირებული იყოს შპს „საქართველოს მელიორაციაში” მომხმარებლად და ჰქონდეს მინიჭებული უნიკალური ნომერი.
ახალი სერვისების მიწოდების პროცესს თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში ადგილზე გაეცნენ სემეკის თავმჯდომარე – დავით ნარმანია, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე – ვახტანგ ჟვანია, შპს „საქართველოს მელიორაციის” გენერალური დირექტორი – გიგლა თამაზაშვილი, სემეკის წევრი – გიორგი ფრუიძე და სემეკის რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორი – ვანო მეჭურჭლიშვილი.
ახალი მომსახურების დანერგვით იუსტიციის სახლში მელიორაციის სერვისების ინტეგრაციის პროცესი დასრულდა. იუსტიციის სახლი სახელმწიფო და კერძო სექტორის 500-ზე მეტ სერვისს ერთ სივრცეში აერთიანებს და მომსახურების არეალს მუდმივად აფართოებს”, – წერია ინფორმაციაში.