„დიდი შვიდეულის“ ლიდერები ავღანეთში შექმნილ ვითარებაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

„დიდი შვიდეულის“ (G7) ლიდერები ავღანეთში შექმნილ ვითარებაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

„ჩვენ სერიოზულ შეშფოთებას გამოვთქვამთ ავღანეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ მოვუწოდებთ, რათა ავღანეთისა და საერთაშორისო მოქალაქეების უსაფრთხოება და ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან აცილება უზრუნველყოფილი იყოს. ჩვენ საერთაშორისო სამართლის ფარგლებში ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულებების შესრულებისკენ მოვუწოდებთ, მათ შორის ქალების, გოგონებისა და უმცირესობების ჯგუფების უფლებების დაცვისკენ“, – ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ ლიდერების განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ავღანეთი აღარასოდეს უნდა იქცეს ტერორიზმის თავშესაფრად და არც სხვებზე ტერორისტული თავდასხმების წყაროდ.

„პარტნიორებთან, კერძოდ ნატოს მოკავშირეებთან ერთად, ჩვენ განვაგრძობთ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. ავღანეთის ნებისმიერმა მომავალმა მთავრობამ უნდა დაიცვას ავღანეთის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები და ტერორიზმისგან დაცვის ვალდებულება; უნდა უზრუნველყოს ყველა ავღანელის, განსაკუთრებით ქალების, ბავშვებისა და ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვა; კანონის უზენაესობის დაცვა; უზრუნველყოს შეუფერხებელი და უპირობო ჰუმანიტარული წვდომა და ეფექტურად ებრძოლოს ადამიანით და ნარკოტიკებით ვაჭრობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

„დიდი შვიდეულის“ ლიდერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მათი უპირველესი პრიორიტეტი თავიანთი მოქალაქეებისა და იმ ავღანელების უსაფრთხო ევაკუაციაა, რომლებიც დასავლეთის ძალებს ბოლო ოცი წლის განმავლობაში ეხმარებოდნენ.

„ავღანეთის წინაშე არსებულ კრიტიკულ საკითხებზე საერთაშორისო საზოგადოების გაერთიანების მიზნით, ჩვენს მოკავშირეებთან და რეგიონის ქვეყნებთან ერთად ვიმუშავებთ. ავღანეთში მხარეებს მათი ქმედებების მიხედვით განვსჯით. კერძოდ, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ „თალიბანი“ პასუხისმგებელია ტერორიზმის პრევენციაზე, ქალების, გოგონებისა და უმცირესობების უფლებების დაცვასა და ავღანეთში ინკლუზიური პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღწევაზე. ნებისმიერი მომავალი მთავრობის ლეგიტიმურობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიდგომა აქვს მას საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისა და ავღანეთში სტაბილურობის უზრუნველყოფის კუთხით“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები