თამარ გაბუნია: სამგორის საველე ჰოსპიტალი ამ ეტაპზე სათადარიგო სიაში რჩება, თუკი საჭიროება იქნება, მისი გამოყენებაც მოხდება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სამგორის საველე ჰოსპიტალში საწოლების გარკვეული რაოდენობა მობილიზებულია, თუმცა, მთავარი ადამიანური რესურსია.
მისი თქმით, სამგორის საველე ჰოსპიტალი ამ ეტაპზე სათადარიგო სიაში რჩება, საჭიროების შემთხვევაში კი მისი გამოყენებაც მოხდება.
„სამგორის საველე ჰოსპიტლისთვის ტერიტორია შეირჩა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ და თავდაცვის სამინისტროდან კოლეგები ამაში გვეხმარებიან. იქაც არის გარკვეულწილად მობილიზებული სარეზერვო საწოლები, თუმცა, ადამიანური რესურსია მთავარი, საველე ჰოსპიტლის მობილიზება მხოლოდ ინფრასტრუქტურულ მზაობას არ ნიშნავს. ამდენად, ადამიანური რესურსი კონცენტრირებულია იმ პირობებში, სადაც დღეს არის უკეთესად მოვლის შესაძლებლობა, დამატებით ერთი სივრცე გაიხსნა ქავთარაძეზე, ესეც გარკვეულწილად არის ჰოსპიტალი, რომელიც არ ფუნქციონირებდა, თუმცა, ინფრასტრუქტურულად სრულიად გამართულია, ამიტომ, სამგორის რეზერვი ჩაანაცვლა ქავთარაძის ჰოსპიტალმა. სამგორის რეზერვი რჩება სათადარიგო სიაში და თუკი საჭიროება იქნება, მისი გამოყენებაც მოხდება”, – განაცხადა გაბუნიამ.