ვახტანგ ძაბირაძე: საკმარისია, ოპოზიციურ ფლანგზე გამოჩნდეს პოლიტიკური ჯგუფი ან პოლიტიკოსი, რომელიც შეძლებს ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანებას, რომ მმართველი ძალისგან ბევრი აღარაფერი დარჩება
ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრობს.
ძაბირაძემ საუბრისას ყურადღება პანდემიაზეც გაამახვილა.
“ჩემი აზრით, ოპოზიციურმა პარტიებმა თავიდანვე მცდარი პოზიცია დაიკავეს, როდესაც ეს არჩევნები რეფერენდუმად გამოაცხადეს. საბოლოოდ კი, საქმე საქმეზე რომ მიდგა, ოპოზიციის ნაწილმა აღმოაჩინა, რომ თუ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდებოდა, შანსი იმისა, თუნდაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაემეორებინათ, არ ჰქონდათ. მათთვის გაცილებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს 2024 წელს, დაწეული ბარიერით. ძალიან ძლიერი უნდა იყოს პოლიტიკური პარტია, რათა სრულყოფილი წინასაარჩევნო კამპანია წარმართოს. საამისო ფინანსური და ადამიანური რესურსი პატარა პარტიებს არ გააჩნიათ. მეტიც, თუ დააკვირდებით, ადამიანური რესურსის პრობლემა ორ მთავარ პოლიტიკურ ძალასაც აქვს.
“ნაციონალურ მოძრაობას” რაღაც გამართლება აქვს იმისთვის, რომ თავისი პოლიტიკური ელიტა ჩართო ადგილობრივ არჩევნებში. მიუხედავად ამისა, იქ, სადაც ეს ელიტა ვეღარ გასწვდა, საკმაოდ სუსტი კანდიდატები წარადგინეს. ისე ჩანს, რომ ამ ოლქებში საარჩევნო პროცესში უფრო ვალდებულების გამო მონაწილეობენ, ვიდრე იმიტომ, რომ მათმა კანდიდატებმა გაიმარჯვონ. ამას დაერთო ისიც, რომ შარლ მიშელის შეთანხმებიდან “ქართული ოცნება” გავიდა და განაცხადა, რამდენი პროცენტიც უნდა ავიღოთ, რიგგარეშე არჩევნებს არ ჩავატარებთო, რამაც არჩევნებზე ნიჰილისტური განწყობა უფრო გააღრმავა. დიახ, პოლიტიკური პარტიები აქტიურები უნდა იყვნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, არც მოსახლეობაში ჩანს დიდი ენთუზიაზმი. ახლა ერთ-ერთ რეგიონში ვარ და ვხედავ, რომ აქ არავის აინტერესებს, მეტიც, არც ახსოვთ, ერთ თვეში ჩასატარებელი არჩევნები. იმედია, სექტემბერში გააქტიურდება წინასაარჩევნო პროცესი. თუმცა ერთ თვეში მნიშვნელოვნად რამე შეიცვალოს, საეჭვოა.
ოპოზიციაში სცადეს დიდი გაერთიანება, თუმცა თავშივე გამოჩნდა, რომ ვერ გამოვიდოდა. საქმე ისაა, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილი “ნაციონალური მოძრაობისგან” დისტანცირებას ცდილობს, ხოლო იმ ნაწილში, რომელიც მის გარშემოა ახლა შეკრებილი, არავინაა ახალი და საინტერესო. რაც მთავარია, “ნაციონალური მოძრაობისგან” იმის თქმა, თუ “ქართული ოცნება” 43%-ს ვერ მიიღებს, ვაიძულებთ დანიშნოს ვადამდელი არჩევნებიო, მოსახლეობაში კვლავ ამძაფრებს არეულობის შიშს. როდესაც “ქართულ ოცნებას” ჰქონდა ვალდებულება ნაკისრი და ამბობდა, რომ შეასრულებდა მიშელის შეთანხმების ამ დათქმას, იყო მოლოდინი, რომ ეს ზედმეტი დაძაბულობის გარეშე მოხდებოდა, დღევანდელ ვითარებაში კი ელექტორატის დიდი ნაწილი კარგად ხვდება, რომ “ოცნება” ამ ვალდებულებას აღარ შეასრულებს. შესაბამისად, შიშობს, რომ თუ “ქართული ოცნება” 43%-ს ვერ აიღებს, ისევ არეულობა დაიწყება და არასტაბილური ვითარება შეიქმნება.
დღეს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს პანდემიასთან ერთად ყველაზე მეტად სწორედ არასტაბილურობის ეშინია, რაც ოპოზიციაში ძალიან ბევრს არ ესმის. საბოლოოდ, ყოველივე ეს ოპოზიციის საწინააღმდეგოდ მუშაობს. “ნაციონალური მოძრაობა” თითქოს აქტიურობს, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ დიდი ენთუზიაზმი არც მას აქვს. უფრო სატელევიზიო დაძაბულობის სურათი იქმნება, ვიდრე რეალურად რამე ხდება. “ქართული ოცნება” ყველაფერს აკეთებს, რომ ამომრჩევლის იმ ნაწილში, რომელიც მას არ უჭერს მხარს, რაც შეიძლება გაძლიერდეს უიმედობა და არ მივიდნენ არჩევნებზე, თავიანთი მხარდამჭერები კი მაქსიმალურად გამოიყვანონ. როგორც “ქართული ოცნება”, ასევე “ნაციონალური მოძრაობა” კვლავაც ცდილობენ პოლიტიკური პროცესი ორპოლუსიანი დარჩეს.
ჩემი აზრით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” შეცდომა დაუშვა, როდესაც ნიკა მელია მიაბა თბილისს, სადაც კახა კალაძე ფავორიტია. პარტიის ლიდერი, თუ ის მართლაც ლიდერია, არ უნდა დაუპირისპირო ასეთ კანდიდატს და წაგებულ თამაშში არ უნდა ჩართო. ნიკა მელია სწორედ წაგებულ თამაშში ჩართეს. ეს გადაწყვეტილება პარტიამ მიიღო თუ სააკაშვილმა, არ ვიცი. ალბათ, უფრო სააკაშვილმა… ფოთის მერობის კანდიდატად გიგი უგულავას დასახელება მართლაც მოულოდნელი იყო, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ საპარლამენტო არჩევნებისას უგულავა ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში სასტიკად დამარცხდა – როგორც მახსოვს, მე-3 შედეგი აჩვენა. ბოლო წლებია გიგი უგულავა პოლიტიკურად გაუგებარ ფიგურად იქცა – ხან რადიკალია, ხან ზომიერი, ხან აძაგებს სააკაშვილს, ხან უკრაინაში სტუმრობს. ძალიან მაინტერესებს, როდესაც დასხდნენ და განიხილეს ეს საკითხი, რა არგუმენტებით ამჯობინეს ბოკუჩავას უგულავა? არ ვამბობ, რომ ბოკუჩავა აუცილებლად გაიმარჯვებდა, მაგრამ უგულავა გაჭრილი პოლიტიკური კარტია. მისი კანდიდატურის წამოყენება ფოთში, თუნდაც იმიტომ, რომ ამ კარტს მოწინააღმდეგე აუცილებლად გამოიყენებს, გაუგებარია.
რაც შეეხება მელიას უკმაყოფილებას, გასაკვირი არაფერია. იცის, რომ წაგებულ თამაშში მონაწილეობას აიძულებენ და შფოთავს. ვფიქრობ, სააკაშვილმა ის სპეციალურად დააყენა. მას “ნაციონალურ მოძრაობაში” გამარჯვებული ლიდერები არ სჭირდება, მისთვის პოტენციური საფრთხეა. თუ გსურს პარტია ძლიერი იყოს, რომელშიც ასევე ძლიერი ფიგურები გეყოლება, უნდა ეცადო ისინი წარმატებასთან ასოცირდებოდნენ, სააკაშვილი კი პირიქით აკეთებს. რაც შეეხება მელიას ცდას, შეცვალოს პარტიაში ვითარება, ჩემი აზრით, ძალიან გაუჭირდება. მარტო პარტიაში არსებულ ვითარებაზე არ არის ლაპარაკი. საგულისხმოა ელექტორალური მხარდაჭერაც – “ნაციონალური მოძრაობის” ელექტორატი, მიუხედავად ყველაფრისა, კვლავაც მიხეილ სააკაშვილის ელექტორატია. თუმცა, თუ მელია წარმატებული ლიდერი იქნება, ნამდვილად გაუყოფს ელექტორატს სააკაშვილს. ამიტომაც ეშინია მიშას და სანამ მელია მოძლიერდება და ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ ფიგურად ჩამოყალიბდება, ცდილობს მანამდე შეუყენოს წყალი.
გახარია თუ შეძლებს, რომ პროპორციულ არჩევნებში მთელი საქართველოს მასშტაბით მხარდაჭერის ორნიშნა რიცხვი მიიღოს, მაშინ მართლა იქცევა ანგარიშგასაწევ ძალად და უკვე საპარლამენტო არჩევნებში მიეცემა შესაძლებლობა, რომ მესამე ძალის ცენტრად ჩამოყალიბდეს და “ნაციონალური მოძრაობა” უკან ჩამოიტოვოს. თუმცა მანამდე სწორი პოლიტიკური ნაბიჯები აქვს გადასადგმელი. დღეს გახარია ახერხებს “ქართული ოცნებიდან” პარტიული და ბიუროკრატიული აპარატის ნაწილის თავის მხარეზე გადმოყვანას, მაგრამ ელექტორალური გაყოფისთვის რამდენად იქნება ეს საკმარისი, ძნელი სათქმელია. ამ ჩინოსნებს გავლენა აქვთ საზოგადოების განსაზღვრულ ჯგუფებზე, რეგიონებში, აქვთ ფინანსური გავლენაც. შესაბამისად, ალბათ, გახარია შეძლებს მთელი საქართველოს მასშტაბით პარტიული კუნძულების შექმნას, მაგრამ მისი მთავარი პრობლემა ის არის, რომ ჯერ არ ჰყავს ძლიერი პოლიტიკური გუნდი. არის თვითონ გახარია და არიან ყოფილი ჩინოსნები. ესაა ამ ეტაპზე მთელი მისი პარტია. თვითონ კი აქვს პოლიტიკური კაპიტალი, მაგრამ მისი პოლიტიკური გუნდი ამ თვალსაზრისით საშუალოზე უარესია. მას მოუწევს სწორი და ფრთხილი ნაბიჯების გადადგმა, რათა მართლაც იქცეს მესამე ძალის ძლიერ ცენტრად. “ქართული ოცნება” კი კვლავაც მომგებიან პოზიციაში რჩება, რადგან ძველებურად უპირისპირდებიან “ნაციონალური მოძრაობა” და საზოგადოდ სუსტი ოპოზიცია.
უკვე მერამდენე წელია, ოპოზიციის სისუსტე მმართველი ძალის სიძლიერეა. საკმარისია ოპოზიციურ ფლანგზე გამოჩნდეს პოლიტიკური ჯგუფი ან პოლიტიკოსი, რომელიც შეძლებს ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანებას, მმართველი ძალისგან ბევრი აღარაფერი დარჩება. “ქართული ოცნების” სუსტი წერტილების ძებნა არ არის საჭირო, ხელისუფლება მთლიანად სუსტია… მისი ელექტორალური მხარდაჭერის საფუძველი იმის შიშია, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” არ არიოს ქვეყანა. გარდა ამისა, “ოცნება” ხელისუფლებაშია და შესაბამისად, ადმინისტრაციული რესურსიც მის ყულაბაშია. ეს ყველაფერი აძლევს გამარჯვების შანსს. სხვა მხრივ ტყუილი იქნება ლაპარაკი იმაზე, რომ მას ახალი იდეოლოგია ან ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვანი გეგმები აქვს. ხელისუფლება დინებას მიჰყვება, სიტუაციურად იქცევა. კიდევ ერთი ფაქტორია კახა კალაძე, რომელიც დღეს “ქართულ ოცნებაში” ყველაზე ძლიერია. თუმცა მანამდე, სანამ ივანიშვილს ენდომება. როგორც კი დასჭირდება კალაძეს მაშინვე ჩაძირავს.
რაც შეეხება პანდემიას, შარშან აგვისტოს ბოლოდან ვითარება გართულდა და მას შემდეგ ხელისუფლებას ერთი სწორი გადაწყვეტილებაც არ მიუღია. დიდი შეცდომა იყო, შარშან ბათუმი რომ არ ჩაკეტეს. იქიდან გავრცელდა ვირუსი მთელ საქართველოში. რატომ არ ჩაიკეტა ბათუმი? შეზღუდვები უნდა მოხსნილიყო მაქსიმალური სიფრთხილით, ეტაპობრივად. უდიდესი შეცდომა მგონია რეგულაციების დარღვევისთვის დაჯარიმებულებისთვის სრული ამნისტიის გამოცხადება. ეს იყო აბსოლუტურად გაუგებარი, უპასუხისმგებლო და მეტიც, ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება. ჯერ ერთი, თუ გამოაცხადეს, უნდა შეხებოდა ყველას – ვინც გადაიხადა ჯარიმა და ვინც არ გადაიხადა. რა გამოვიდა? ადამიანი, რომელიც ხელისუფლებას არ ემორჩილება, დააჯილდოეს და დააფასეს, კანონმორჩილი კი, რომელმაც ჯარიმა გადაიხადა, დასაჯეს. სად არის სამართლიანობა?!
ამ გადაწყვეტილებით ხალხს უთხრეს: ჩვენ შეიძლება დაგიწესოთ რეგულაციები, მაგრამ შეგიძლიათ არ შეასრულოთ, არც ჯარიმა გადაიხადოთ და ამისთვის პასუხს არავინ მოგთხოვთო. ამიტომაც არის, რომ მოქალაქეების დიდი ნაწილი აღარ ემორჩილება ახალ შეზღუდვებს. შეცდომები დაუშვეს ვაქცინაციის პროცესშიც. არ წარიმართა სათანადო პროპაგანდა. არადა, ახლა უმნიშვნელოვანესია, რაც შეიძლება მეტი მოქალაქე აიცრას… რა თქმა უნდა, პოლიტიკური მიზნები იკითხება ყველაფერში. ცხადია, სწორედ წინასაარჩევნო ვითარების გათვალისწინებით გამოაცხადეს სწრაფად ამნისტია, მისცეს გაუგებარი შეღავათები ბიზნესს და ასე შემდეგ… რა თქმა უნდა, შეიძლება გადადგა ნაბიჯები პოლიტიკური მიზნით, მაგრამ ისე, რომ ქვეყანა და ხალხი არ აზარალო. კარგად უნდა გაიაზრო, გათვალო, რა შეიძლება მოჰყვეს შენს ნაბიჯებს. გასაგებია, რომ არჩევნებისთვის ემზადებიან. გასცემენ უამრავ დაპირებას, რასაც დიდწილად არ შეასრულებენ, მაგრამ პანდემიის ამხელა მასშტაბსა და ასეთ სიკვდილიანობაზე ვინ იქნება პასუხისმგებელი?!”, – აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.