კრემლის პროპაგანდა იმდენად აქტიურად მუშაობს, რომ ხშირად ადამიანებს რუსეთის უძლეველობის შესახებ მითები დამაჯერებლად ეჩვენებათ. სინამდვილეში, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ეკონომიკა წლებია, სტაგნაციას განიცდის და ვერ ვითარდება. ეკონომიკურ პრობლემებს დემოგრაფიული სურათიც ამძიმებს. ადრე რუსეთის დემოგრაფიული გამოწვევები ქვეყნის შიდა პრობლემად მიიჩნეოდა, თუმცა, ბოლო პერიოდში, მოსახლეობის რიცხვის კლებასა და კრემლის მიერ სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე რუსული პასპორტების უკანონოდ დარიგებას შორის კავშირს სულ უფრო მეტი საერთაშორისო ექსპერტი ხედავს. ამასთან, რუსეთის სამხედრო ინტერვენციები არა სიძლიერედ, არამედ დამარცხებული მოთამაშის ბოლო გაფართხალებად აღიქმება, რადგან ყოველივე რუსული ეკონომიკის პარალიზებას იწვევს.
რუსეთის სიძლიერეზე საუბრისას, მისი მოსახლეობის რიცხვზე ან ქვეყნის ტერიტორიის ფართობზე აპელირება არასწორია. როდესაც სახელმწიფოს რესურსების სწორად გამოყენების უნარი ან სურვილი არ აქვს, ნებისმიერ რესურსს, უბრალოდ, აზრი ეკრაგება. პუტინს არც შეუძლია და არც სურს, რომ საკუთარი ხალხის განათლებაზე, დასაქმებასა და განვითარებაზე იზრუნოს, ამიტომაც, მოსახლეობის რიცხოვნობის ეფექტურად გამოყენება პუტინის რეჟიმის პირობებში ვერასდროს გახდება შესაძლებელი. მაშინაც კი, თუ რუსეთის პრეზიდენტი გონს მოეგება და ჩამოთვლილ საკითხებზე ზრუნვას დაიწყებს, მაინც ვერაფერს მიაღწევს. საქმე ისაა, რომ რუსი ხალხის რიცხვი მნიშვნელოვნად იკლებს, „ტვინების გადინების“ პროცესი კი ჩქარდება. ოფიციალურ მოსკოვს არ შეუძლია, დემოგრაფიული კატასტროფის მოახლოება შეაჩეროს. ქვეყანაში სამუშაო ასაკის მოსახლეობის რიცხვი, როგორც წესი, სამხედრო ძალას განსაზღვრავს, ახალგაზრდა ადამიანების რაოდენობა კი – ეკონომიკურ პროდუქტიულობას. რუსეთში სამუშაო ასაკის მოსახლეობა მკვეთრად შემცირებულია, ხოლო ახალგაზრდა ადამიანები ქვეყნიდან გარბიან. ეს ორი ფაქტორი კი, თავის მხრივ, რუსეთის სამხედრო ძალასა და ეკონომიკაზე კრემლის პროპაგანდის მიღმა ნამდვილ სურათს გვიჩვენებს.
პუტინი ვერც უარყოფს, რომ დემოგრაფია ცენტრალური მოსკოვისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. 2017 წელს რუსეთის პრეზიდენტმა დემოგრაფიას “საკვანძო საკითხი” უწოდა, რომელმაც, მისი თქმით, რუსეთის განვითარებაში მომავალი ასწლეულების განმავლობაში მთავარი როლი უნდა შეასრულოს. მოსახლეობის რაოდენობის ზრდა რუსეთის ეროვნული სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მარტივად რომ ავხსნათ – რუსეთმა იცის, რომ კატასტროფა ელის და, სწორი დემოგრაფიული პოლიტიკის ნაცვლად, პრობლემის გადაჭრისთვის რუსულ პასპორტებს სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს უკანონოდ ურიგებს.
რუსეთში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ევროპულ სტანდარტებთან შედარებით ბევრად მაღალია, შობადობა კი – ნაკლები. სამუშაო ასაკის მოსახლეობა ბერდება. 1990 წლიდან შობადობის მაჩვენებელი რუსეთში სავალალოა. ეს იმას ნიშნავს, რომ დაბერებულ მუშახელს ვერავინ ჩაანაცვლებს, რადგან მათი შემცვლელები უბრალოდ ფიზიკურად არ დაბადებულან. მამაკაცებში, ალკოჰოლის მოხმარების გამო, სიცოცხლის ხანგრძლივობა კიდევ უფრო მცირეა, ვიდრე – ქალებში. პუტინის გაპრეზიდენტების შემდეგ, ადამიანური კაპიტალი რუსეთს მუდმივად ტოვებს. 2 მილიონამდე ახალგაზრდა რუსეთიდან უბრალოდ გაიქცა და ცხოვრება დასავლეთში გააგრძელა. ამას ემატება 2014 წელს უკრაინაში განხორციელებული აგრესიის საპასუხოდ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დამანგრეველი ეფექტი ქვეყნის ეკონომიკაზე.
რუსეთის ეროვნული ეკონომიკისა და საჯარო მართვის საპრეზიდენტო აკადემიამ განაცხადა, რომ, შობადობის, სიკვდილიანობისა და მიგრაციის მიმართულებით შესაბამისი პოლიტიკის გატარების შემთხვევაშიც კი, რუსეთის მოსახლეობა 2050 წლისთვის 113 მილიონამდე შემცირდება. გაერო-ს ანგარიშისა და მსოფლიო ბანკის თანახმად, 2050 წლისთვის რუსეთის მოსახლეობა 132 მილიონამდე შემცირდება. თითოეული პროგნოზი 7.5-9.5 პროცენტიანი შემცირების ფარგლებში მერყეობს, რაც საუკეთესო სცენარია, მაგრამ შესაძლებელია, რომ შედეგი ამაზე მძიმე აღმოჩნდეს. ყველაზე უარესი პროგნოზით, რუსეთის მოსახლეობა 2050 წლამდე 12 პროცენტით შემცირდება.
როგორც ვხედავთ, დემოგრაფიული კლების არასახარბიელო ტენდენცია კრემლისთვის ცნობილია და შეშფოთების საგანს წარმოადგენს. 2000 წელს პუტინმა „რუსკი მირის“ ცნების გამოყენება აქტიურად დაიწყო. იგი საჯარო გამოსვლებში საზღვარგარეთ მყოფ „თანამემამულეებს“ ხშირად მიმართავდა, ხოლო მოგვიანებით, მათთვის რუსული პასპორტების მასიურად ჩამორიგება დაიწყო. უფრო მეტიც, საქართველოსა და უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის მიზეზად რუსეთი საკუთარი „მოქალაქეების“ დაცვას ასახელებდა. 2018 წელს პუტინმა უკვე პირდაპირ თქვა, რომ ქვეყანაში დემოგრაფიული პრობლემების მოგვარების გზად მას რუსეთის მოქალაქეობის მიღების წესების გამარტივება ესახებოდა. მალევე, შავი ზღვის რეგიონში რუსეთის ათიათასობით მოქალაქე გაჩნდა.
რუსეთის დემოგრაფიულ პრობლემებს ეკონომიკური სტაგნაცია იწვევს. თავის მხრივ, უარყოფითი დემოგრაფიული ტენდენციების ფონზე, ეკონომიკა ვერასდროს განვითარდება. რუსეთი დამარცხებულია, იგი ამიტომაც იქცევა დაჭრილი ცხოველივით და მოსახლეობის რიცხვის ხელონურად გაზრდას პასპორტების უკანონოდ ჩამორიგებით ცდილობს. „პასპორტიზაციას“ სამხედრო ინტერვენციების გასამართლებლადაც იყენებს, რაც საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა. სამხედრო ინტერვენციები კი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციების რიცხვს ზრდის. პუტინის რეჟიმის პირობებში, რუსეთი აგრესორ ქვეყნად რჩება და ავტოკრატის თითოეული ნაბიჯი ჯაჭვურ რეაქციას იწვევს. სტაგნაციური ეკონომიკა და მოსალოდნელი დემოგრაფიული კატასტროფა რუსეთს პუტინის ხელით უფსკრულისკენ მიაქანებს.
ლევან ბლიაძე