​გებრეისუსი: ჯანდაცვის სისტემები “დელტა” შტამის გავრცელებაზე რეაგირებას ვერ ასწრებენ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, SARS-CoV-2-ის “დელტა” შტამი, რომელიც უაღრესი ინფექციურობით გამოირჩევა, იმაზე სწრაფად ვრცელდება, ვიდრე მასზე ქვეყნების ჯანდაცვის სისტემები ასწრებენ რეაგირებას.

ამის შესახებ მან ჟენევაში ბრიფინგზე თქვა.

“დელტა” კვლავ უსწრებს ჩვენს კოლექტიურ რეაგირებას”, – თქვა მან და დასძინა, რომ “ყველა ქვეყანაში ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის ცხელი წერტილები ჩნდება იქ, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებლები დაბალია და მიიღება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში შეზღუდული ზომები”.

ჯანმო-ს ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ “დელტასა” და სხვა საშიში შტამების პრობლემის მოგვარების გზები არსებობს – ამისათვის აუცილებელია, სწრაფად გაიზარდოს ტესტირების მასშტაბი, მიეწოდოს საავადმყოფოებს ჟანგბადი, სამედიცინო მარაგი, ვაქცინები და პირადი დამცავი საშუალებები სამედიცინო პერსონალისთვის, ასევე, საჭიროა პანდემიასთან ბრძოლის ახალი ინსტრუმენტების შემუშავების კვლევების გაფართოება.

მისივე თქმით, ამჟამად, “ყველა ვაქცინის 75% გამოყენებულია მხოლოდ 10 ქვეყანაში, ხოლო დაბალშემოსავლიან ქვეყნებს აცრილი ჰყავთ მოსახლეობის მხოლოდ 2%”.

ამასთან დაკავშირებით გებრეისუსმა შეახსენა მსოფლიო თანამეგობრობას სექტემბრის ბოლომდე ბუსტერულ ვაქცინაციაზე მორატორიუმის გამოცხადების შესახებ.

ჯანმო-ს სტატისტიკის მიხედვით, პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსი 207,7 მილიონ ადამიანს დაუდასტურდა, თუმცა, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემით, რიცხვმა 208,6 მილიონს გადააჭარბა.

ასევე, პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში ვირუსს 4,3 მილიონზე მეტი ადამიანი შეეწირა.

ყველაზე მძიმე ვითარება შენარჩუნებულია აშშ-ში, ინდოეთსა და ბრაზილიაში, ასევე, ნუსხაში მეოთხე რუსეთია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები