პოლონეთმა რუსეთი მასშტაბურ კიბერთავდასხმაში დაადანაშაულა

რუსეთი მავნებლურ კიბერაქტივობებს აგრძელებს. ამჯერად, კრემლის მხრიდან თავდასხმის სამიზნეები მაღალი რანგის პოლონელი პოლიტიკოსები გახდნენ. ამის შესახებ განცხადებები ვარშავაში 18 ივნისს გაკეთდა. პოლონეთის პრემიერმინისტრის, მატეუშ მორავეცკის თქმით, სპეცსამსახურებს განსაკუთრებულ რეჟიმში მოუხდათ მუშაობა, რომ მინისტრები და დეპუტატები კრემლის შეტევისგან დაეცვათ. მმართველი პარტიის ლიდერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ დაადასტურა, რომ კიბერთავდასხმა რუსეთიდან განხორციელდა. ერთი კვირით ადრე, ვიდრე ჰაკერები პოლიტიკოსებს დაესხმებოდნენ თავს, მათ კოვიდ ვაქცინაციის ხელმძღვანლის ელექტრონული ფოსტაც გატეხეს. კაჩინსკიმ განაცხადა, რომ კიბერთავდასხმა პოლონეთის დესტაბილიზაციის მიზნით განხორციელდა. ნატო-ს ლიდერებმა ოფიციალური მოსკოვის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომი, დეზონფორმაციის კამპანიები და კიბერ თავდასხმები ერთხმად დაგმეს.
პოლონეთი რუსული აგრესიული საგარეო პოლიტიკის კრიტიკით ყოველთვის გამოირჩეოდა. მაისში პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია. მან რუსეთს „აგრესორი ქვეყანა“ უწოდა.
“გაერთიანებულ ევროპასა და ნატო-ში არის საკმარისი ადგილი ჩვენი მეგობრებისთვის ევროპის აღმოსავლეთიდან. განსაკუთრებით, ახლა, ამჟამინდელ ვითარებაში შენარჩუნებული უნდა იქნეს ნატო-სა და ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკა. ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, პოლონეთისა და პოლონელების სახით გყავთ საიმედო მოკავშირე, რომელიც ყველა ღონეს იხმარს, რათა მხარი დაუჭიროს საქართველოსა და მის მისწრაფებას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ. ქართველებო, გელით გაერთიანებულ ევროპაში, რადგან საუკუნეებია, თქვენ მისი მემკვიდრეობის ნაწილი ხართ. გელოდებით, ქართველებო, ნატო-ში, რადგან ხართ ამაყი ერი, რომელიც იმსახურებს თავისუფლებას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობის მშენებლობას. პოლონეთის სახით გყავთ მეგობარი, რომელი გააგრძელებს თქვენს მხარდაჭერას ამ გზაზე”, – ასე მიმართა ქართულ საზოგადოებას 26 მაისს ანდჟეი დუდამ. კრემლი პოლონეთის ანტირუსული და პროდასავლური კურსით გაღიზიანებას ვეღარ მალავს. შესაძლოა, სწორედ დუდას ასეთი მიმართვის შემდეგ გადაწყვიტა მოსკოვმა პოლონელების დასჯა და კიბერთავდასხმის მეთოდს მიმართა.
რუსული პროპაგანდისა და კიბერთავდასხმების მომრავლების შესახებ საზოგადოებას გერმანიაც აფრთხილებს. წელს ბუნდესტაგის წევრების წინააღმდეგ უკვე განხორციელდა მასშტაბური თავდასხმა. იანვარში კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა ანგელა მერკელიც, რომელსაც ჰაკერებმა ონლაინ სამიტი კინაღამ ჩაუშალეს. გერმანიის სპეცსამსახურების ინფორმაციით, ონლაინ სივრცეში ინფორმაციის მოპარვის შემთხვევებმა მოიმატა, რაც შესაძლებელია, რუსეთის მხრიდან გერმანიის მოახლოებულ არჩევნებში ჩარევას მოასწავებდეს. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრო 2017 წელს საფრაგნეთის საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობისას რუსი ჰაკერების აქტოვობებზე ყურადღებას ამახვილებს და ვარაუდს გამოთქვამს, რომ შესაძლოა, რუსეთმა გერმანიაშიც იგივე ტექნიკა გამოიყენოს.
მაისში „მაიკროსოფტმა“ ინფორმაცია გაავრცელა, რომ მსოფლიოს 24 ქვეყანა რუსეთიდან განხორციელებული კიბერთავდასხმის მსხვერპლი გახდა. საუბარია 3 000-მდე ელექტრონულ ფოსტასა და 150 ორგანიზაციის წინააღმდეგ კოორდინებულ კიბერშტურმზე. ჰაკერები რუსეთის საგარეო დაზვერვიდან იმართებოდნენ.
რუსული კიბერთავდასხმები როგორც პოლიტიკოსების, ისე კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ არის მიმართულნი. თავდასხმის ამ მეთოდს რუსეთი მეზობელი და მისი ინტერესის სფეროში შემავალი ქვეყნების წინააღმდეგ წლებია, აქტიურად იყენებს. 2007 წელს რუსმა ჰაკერებმა მიზანში ესტონეთის ელექტრონული ინფრასტრუქტურა, მედია და კომერციული ბანკები ამოიღეს მხოლოდ იმიტომ, რომ ესტონეთმა ქვეყანაში საბჭოთა მონუმენტის მოშლა გადაწყვიტა. მაიდანის რევოლუციის შემდეგ, რუსმა ჰაკერებმა უკრაინის 200 000 მოქალაქეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტეს. ორი წლის შემდეგ, უკრაინა რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული და რუსული სპეცსამსახურების მიერ კოორდინებული ცნობილი კიბერ თავდასხმის  – NotPetya-ს მსხვერპლი გახდა. 2008 წელს, საქართველოში შემოჭრის პარალელურად, რუსეთმა მთავრობის საიტებსაც შეუტია, რომ მოსახლეობაში უფრო მეტი პანიკა გამოეწვია.
2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედიაორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე განხორციელდა. ამ ყველაფრის უკან კი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველო იდგა.
სულ ახლახან, ნატო-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა კიბერთავდაცვის სტრატეგია შეიმუშავეს, რომლის თანახმად მეხუთე მუხლი კიბერუსაფრთხოების სფეროზეც გავრცელდება. ასე რომ, რუსეთს ახლა კარგად მოუწევს დაფიქრება, სანამ ალიანსის წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ ჰაკერულ ოპერაციებს განახორციელებს. ერთ ქვეყანაზე თავდასხმა ხომ ნატო-ს ყველა წევრზე თავდასხმას ნიშნავს.

თამარ გავაშელი

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები