გია ხუხაშვილი: გაჩნდა განცდა, რომ ამ თვითმმართველობის არჩევნებზე ძალაუფლების ბედი წყდება

“ფორმალურად, “ქართულ ოცნებას” ჯერ შეთანხება არ დაურღვევია. შესაბამისად, ჩვენ დასავლეთის რეაქციას უნდა ველოდოთ იმ მოცემულობის დადგომისას, როცა ისინი რეალურად დაარღვევენ პირობას”, – ამის შესახებ ექსპერტი, გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტს წინ უძღოდა მრავალთვიანი მუშაობა, რაშიც ჩართული იყო ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირის წარმომადგენლობა, შესაბამისად, ამ დოკუმენტის სტატუსი ძალიან მაღალია.

“უპირველესად, უნდა ითქვას, რომ IRI-ს ახალი კვლევის შედეგი სრულიად კანონზომიერი და ლოგიკურია. პოლიტიკურ ლანდშაფტზე მთავარი ცვლილება ის არის, რომ აქამდე გამეფებული ორპოლუსიანობის დასრულების შანსი გაჩნდა. დღემდე ჩვენ ვაკვირდებოდით პროცესს, როდესაც იყო ორი მიზიდულობის ცენტრი და დანარჩენი პარტიები მათ ორბიტებზე ნაწილდებოდნენ. გახარიას ფაქტორმა ეს ორპოლუსიანობა ამ ეტაპზე დაარღვია და გააჩინა კიდევ ერთი, დამატებითი ცენტრი, რომელზეც ქართველ საზოგადოებაში დეფიციტური მოთხოვნა იყო. არჩევნებსა და არჩევნებს შორის ყველა კვლევა აჩვენებდა, რომ ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილი ახალ არჩევანს ითხოვდა. ეს არის ხალხი, რომელიც არ არის კმაყოფილი აწმყოთი და შესაბამისად, არც “ქართული ოცნებით”, მაგრამ არც წარსულში უნდა დაბრუნება, ანუ არ არის მზად ისევ “ნაციონალურ მოძრაობას” მისცეს ხმა და ითხოვს ახალ, მომავლის არჩევანს. ამ კვლევაში ჩანს, რომ გამოკითხულთა 66% ახალ პოლიტიკურ ძალას ითხოვს.

გახარიას ფაქტორი იმანაც გააძლიერა, რომ ხალხი დაიღალა ნეგატიური დღის წესრიგით. იმით, რომ პოლიტიკური პროცესი დაფუძნებულია დაპირისპირებაზე, სიძულვილზე, ურთიერთბრალდებებზე, მათ შორის, ხშირად ცრუზე. მოკლედ, ნეგატიური დღის წესრიგი ცხოვრების წესად იქცა. გახარია ამ პოლიტიკურ ტატამზე, სადაც მხოლოდ ჭიდაობაა, რაც ხალხს ასე მოჰბეზრდა, არ გადის. ამით მან განსხვავებული რამ შესთავაზა ამომრჩეველს, რაც ხალხს, განსაკუთრებით, მის სამიზნე ამომრჩეველს მოსწონს. მის წინააღმდეგ არც მეორე ტექნოლოგიამ იმუშავა – როგორც ერთი, ისე მეორე მხარე ცდილობს, როგორმე “შეტენონ” გახარია ერთმანეთის ბანაკში. “ნაციონალური მოძრაობა” ამბობს, რომ ის ბიძინა ივანიშვილის პროექტია, რაც ბევრს არ სჯერა, მაგრამ თუ ვინმეს სჯერა, ესეც გახარიას სასარგებლოდ მუშაობს, რადგან მისი სამიზნე ელექტორატის დიდი ნაწილი ძალიან ნეგატიურად უყურებს “ქართული ოცნების” დღევანდელ ელიტას. თუმცა აღიარებს ბიძინა ივანიშვილს როგორც ძალის ცენტრს და სულაც არ ეჩვენება ნეგატიურ მხარედ ის, რომ გახარიას შესაძლოა რაღაც კავშირი ჰქონდეს პირადად ივანიშვილთან. რაც შეეხება “ქართული ოცნების” ბრალდებებს და გახარიას “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებას, ეს ძალიან არადამაჯერებელი და კომიკურია.

აქედან გამომდინარე, პარადოქსული ვითარება შეიქმნა – ორივე მთავარი პოლიტიკური პოლუსი დღეს, ფაქტობრივად, აწარმოებს გახარიას წინასაარჩევნო კამპანიას ე.წ. მომავლის არჩევანზე ორიენტირებულ ამომრჩეველში, რომელსაც პოზიტიური დღის წესრიგი სურს და არა მუდმივად ჩხუბის და შეხლა-შემოხლის ყურება. ეს სეგმენტი დღეს უკვე დიდია და სწორედ ეს არის გახარიას წარმატების გასაღები. მეტსაც გეტყვით, “ქართული ოცნება” განაგრძობს დეგრადაციას, ამომრჩეველს კარგავს და მისი ე.წ. სამობილიზაციო ელექტორატიც ისევ და ისევ გახარიას მიჰყავს. “სამობილიზაციო ელექტორატს” ვუწოდებ მოქალაქეებს, რომლებიც ახალ არჩევანს ეძებენ, მაგრამ აქამდე ამის საშუალება არ ჰქონდათ. ისინი ცუდი და უარესი არჩევნის წინაშე დგებოდნენ და ისევ ხელისუფლებას აძლევდნენ ხმას უარესის შიშით. დღეს ეს ე.წ. სამობილიზაციო ელექტორატი მთლიანად მიჰყავს გახარიას, რადგან მას ახალი არჩევნის საშუალება გაუჩნდა. ამ სეგმენტის მიმხრობა სხვა პარტიებმაც სცადეს, მაგრამ სუსტად. დღესაც ცდილობენ, მაგრამ არაფერი გამოსდით. ფაქტობრივად, სხვა პარტიები ისევ ამ ორი პოლიტიკური ძალის ორბიტაზე დარჩნენ, მიუხედავად “სტრატეგია აღმაშენებლის” თუ “ლელოს” განცხადებებისა.

მოკლედ, დღეს პოლიტიკურ არენაზე სამი პოლიტიკური ცენტრი ჩამოყალიბდა. როგორ შეიძლება განაწილდეს პოლიტიკური ძალები წინასაარჩევნოდ? ულტრაკონსერვატიული ფრთა – ვასაძის “ერი” და კიდევ ვიღაცები “ქართული ოცნების” ორბიტაზე უნდა მოვიაზროთ (ბოლო კვლევის თანახმად, მათი ამომრჩევლის საერთო რაოდენობა გამოკითხულთა შორის 3%-ს არ აღემატება). ფაქტია, მმართველი პარტია იბრძვის ამ სეგმენტისთვის. ჩვენ ვნახეთ ამით განპირობებული ნეგატიური პროცესები.პოლიტიკური ელიტის ლიბერალური ფრთა, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობს დამოუკიდებლად ითამაშოს, მაინც რჩება “ნაციონალური მოძრაობის” ორბიტაზე. მესამე ცენტრი გიორგი გახარიას პარტიაა, რომელიც, ასე ვთქვათ, ინარჩუნებს დამოუკიდებელი ცენტრის სტატუსს, ჯერჯერობით არც ერთ თამაშში არ გათქვეფილა. თუ გახარია მოახერხებს ამ პოზიციის შენარჩუნებას, მაშინ მოსალოდნელია, რომ კიდევ უკეთეს შედეგს მიიღებს არჩევნებზე, ვიდრე ამ კვლევებში ჩანს.

გამომდინარე იქიდან, რომ “ქართულ ოცნებას” ე.წ. ნატურალური ამომრჩეველი უკვე აღარ ჰყავს და ის ეყრდნობა უფრო ადმინისტრაციულ რესურსს და იმ პირებს, ვინც მზად არიან ერთჯერადად გაიყიდონ. თუ მმართველმა ძალამ საარჩევნოდ ორპოლუსიანობის ფორმირება ვერ მოახერხა და პოლიტიკური პროცესი ისევ სააკაშვილის დემონიზაციაზე ვერ ააგო, აუცილებლად შეექმნება არჩევნებზე პრობლემა. რაც შეეხება შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებას, სიმართლე გითხრათ, მსგავსი რამ მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში არც გამიგია. დიქტატორებიც კი, მაგალითად, პუტინი და ლუკაშენკო, თუ რომელიმე შეთანხმებას ხელს აწერენ, ცდილობენ შეასრულონ, თუ არადა, ისე მაინც წარმოაჩინონ, რომ ასრულებენ. ეს რეპუტაციის საკითხია. ეს ხომ არ არის უბრალო დოკუმენტი? ზეპირი დაპირებები “ქართულ ოცნებას” ადრეც გაუცია და გადავუგდივართ, მაგრამ ახლა საქმე გვაქვს ხელმოწერილ დოკუმენტთან, რომელსაც, ფაქტობრივად, საერთაშორისო შეთანხმების სტატუსი აქვს, რადგან მის გარანტად გამოდის ევროსაბჭოს პრეზიდენტი. ეს დოკუმენტი მხოლოდ შარლ მიშელზეც არ არის მიბმული. მას წინ უძღოდა მრავალთვიანი მუშაობა, რაშიც ჩართული იყო ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირის წარმომადგენლობა. ამ დოკუმენტის სტატუსი ძალიან მაღალია.

ცალმხრივად, უპირობოდ ხელ­შეკრულებიდან გასვლას საერთაშორისო სამართალი არ ცნობს. კი ბატონო, შესაძლებელია არ შეასრულო პირობა, მაგრამ შესაბამისი ფასი უნდა გადაიხადო სხვა ხელმომწერ მხარეებთან. თუ ასე არ გააკეთებ, შენ ხდები მინიმუმ “ნონ გრატა” იმ სფეროში, სადაც მოღვაწეობ… ნამდვილად ისმის კითხვა, “ოცნების” ხელშეკრულებიდან გასვლის შემდეგ, რატომ უფრო არ აქტიურობენ აშშ და ევროკავშირი? ეს თემა სამართლებრივ სფეროში რომ განვიხილოთ, შეიძლება ითქვას, რომ შეთანხმების დარღვევის ფაქტი ჯერ არ დამდგარა, ანუ უფრო აქტიური პასუხის ობიექტური საჭიროება არ გაჩენილა. ეს საჭიროება გაჩნდება იმ შემთხვევაში, თუ მომავალ არჩევნებში “ქართული ოცნება” ვერ გადალახავს 43%-ს და უარს იტყვის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე. სანამ ეს არ მოხდება, დასავლეთი “ქართულ ოცნებას” ხელშეკრულებიდან გასულად არ მიიჩნევს, მიუხედავად ვერბალური განცხადებისა. მოკლედ, ფორმალურად “ქართულ ოცნებას” ჯერ შეთანხება არ დაურღვევია. შესაბამისად, ჩვენ დასავლეთის რეაქციას უნდა ველოდოთ იმ მოცემულობის დადგომისას, როცა ისინი რეალურად დაარღვევენ პირობას. ვფიქრობ, ამის შემდეგ იქნება სერიოზული სადამსჯელო ღონისძიებები დასავლეთიდან. რა თქმა უნდა, ეს კარგად იციან “ქართულ ოცნებაში”. მათი პრაგმატულ-ტაქტიკური გათვლა ძალიან მარტივია – ხვდებიან, თუ 43% ვერ გადალახეს და ვალდებულებები არ შეასრულეს, დიდი პრობლემები შეექმნებათ და ახლა ამ განცხადებებით ცდილობენ საზოგადოების გაზრდილი ინტერესი მომავალი თვითმმართველობის არჩევნებისადმი როგორმე გაანეიტრალონ. აქამდე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ჩვენში საკმაოდ ზერელედ უყურებდნენ და ხელისუფლებებსაც არასდროს უჭირდათ თვითმმართველობის არჩევნების მოგება კი არა, ყიდვა. დღეს შარლ მიშელის დოკუმენტში ამ 43%-იანი ბარიერის ჩაწერამ და, ფაქტობრივად, ამ არჩევნების რეფერენდუმად გადაქცევამ მისი ფასი გაზარდა. გაჩნდა განცდა, რომ ამ თვითმმართველობის არჩევნებზე ძალაუფლების ბედი წყდება. ხელისუფლება ახლა ცდილობს, გააჩინოს ნიჰილიზმი, დაუკარგოს მომავალ არჩევნებს მნიშვნელობა და ამით უზრუნველყოს ურნასთან რაც შეიძლება ნაკლები ამომრჩევლის მისვლა, ასე გადალახოს 43%. მერე კი ილაპარაკოს, გადავლახე დათქმული ბარიერი და არც შეთანხმება დარღვეულაო. მათ კარგად ესმით, რომ თუ არჩევნებზე მუხტი მაღალი იქნა, 43%-იანი ბარიერი დაუძლეველი იქნება უმთავრესად გახარიას ფაქტორის გამო – ამიტომაც წავიდნენ სახელმწიფო ინტერესის ხარჯზე ასეთ ავანტიურაზე – გამოაცხადეს მიშელის შეთანხმებიდან გასვლა”, – აცხადებს ექსპერტი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები