პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ ძალადობაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ ძალადობაში ბრალდებული ს.ც. დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 10 დეკემბერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში, ს.ც-მ სახლში ყოფნისას, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, იმის გამო, რომ არასრულწლოვან ნ.ც-ს მიმართ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო, სქესობრივი დანაშაული შეურაცხყოფდა ოჯახის ღირსებას, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შვილიშვილს – ნ.ც-ს, რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. სამართალდამცველებმა ს.ც. 2021 წლის 15 თებერვალს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ, 2020 წლის 10 დეკემბერს ეპიზოდი), 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ, 2021 წლის იანვრის თვის ეპიზოდი) და 11’-151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა ჩადენილი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, 2021 წლის იანვრის თვის ეპიზოდი) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ს.ც. დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2020 წლის 10 დეკემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და 11’-151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების (2021 წლის იანვრის თვის ეპიზოდები) ჩადენაში გაამართლა. ბრალდების მხარე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენს, როგორც კვალიფიკაციის, ისე სასჯელის დანიშვნის ნაწილში, ზემდგომ ინსტანციაში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები