სვიმონ ჯანგულაშვილი: „ყველაფრიდან ჩანს, რომ ეს კოჰაბიტაცია აშკარად ამერიკის და ევროპის მიერ იყო დაძალებული და თავსმოხვეული საქართველოსთვის“

მუსიკოსი სვიმონ ჯანგულაშვილი აშშ ელჩის ბოლოდროინდელ განცხადებებზე რობერტ სტურუას გუშინდელ სტატუსს გამოეხმაურა:

„ბევრჯერ დამიწერია აქ და მითქვამს – ქართული ოცნების ყველაზე დიდი დანაშაული „კოჰაბიტაცია“ და დამნაშავე ძალის დაუსჯელობაა. ყველაფრიდან ჩანს, რომ ეს კოჰაბიტაცია, რომელიც, ერთი მხრივ, ძალიანაც აწყობდა ქართულ ოცნებას (ჩემნაირ ადამიანებს რომ სულ მათთვის მიეცათ ხმა ნაცების დაბრუნების შიშით), აშკარად ამერიკის და ევროპის მიერ იყო დაძალებული და თავსმოხვეული საქართველოსთვის.
საკუთარივე გაუბედავი და გაუგებარი პოლიტიკით უბადრუკობის გზაზე დამდგარი „ოცნება“, როგორც იქნა, გამოვიდა მიშელის თავსმოხვეული, ანტისახელმწიფოებრივი შეთანხმებიდან; როგორც იქნა, ისე მოიქცა, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყნის თავმოყვარე მმართველი ძალა უნდა იქცეოდეს და ამის გამო „ქართული ოცნება“ დღეს ამერიკის ელჩის თავდასხმის ობიექტია, რომელიც კატეგორიულად ითხოვს, ხელისუფლება ნებისმიერ ფასად დაუბრუნდეს ამ ქვეყნის დამაზიანებელ, ანტიკონსტიტუციურ გარიგებას.
რას ნიშნავს ეს მოთხოვნები? ეს ხომ პირდაპირ ნიშნავს ქვეყნის დესუვერენიზაციას, მის გადაყვანას საელჩოდან ხელით მართვის რეჟიმზე და ჩვენი ერის ინტერესების ფეხქვეშ გათელვას?
ქალბატონო ელჩო, მოექეცით საქართველოს ისე, როგორც ანზორ ერქომაიშვილი იმსახურებდა! საქართველო ანზორ ერქომაიშვილია და არა ის პოლიტიკური ტყაჭები, ვის ინტერესებსაც, რატომღაც ზომაზე მეტად ითვალისწინებთ!
ნუ დააძალებთ ანზორ ერქომაიშვილს, რომ კომპრომისზე წავიდეს უღირს ადამიანებთან! ის მეორედ მოკვდებოდა ასეთი რამით!
საქართველოში ცივი ომია! სამოქალაქო ომი!
სამოქალაქო ომი მართლაც სამოქალაქო შერიგებით და შეთანხმებით უნდა დამთავრდეს. მაგრამ, ამის წინაპირობა ისაა, რომ მონათმფლობელებმა აღიარონ, მოინანიონ და დაუტევონ თავისი დანაშაული! და მონანიება ისაა, რომ გაეცალონ პოლიტიკას და ასპარეზი დაუთმონ ახალგაზრდებს, ახალ ძალებს.

გერმანია არ გაჯანსაღდებოდა, ჰიტლერელები პოლიტიკაში რომ დაეტოვებინათ!
მიუხედავად იმისა, რომ გერმანელი ხალხის უმრავლესობა ჰიტლერს, არათუ მხარს უჭერდა, მისთვის იბრძოდა ბოლომდე, ამის მიუხედავად, გერმანიაში აიკრძალა დამნაშავე პოლიტიკური ძალა და კანონგარეშედ გამოცხადდა იგი.
საქართველო არ გაჯანსაღდება, ვიდრე ნაცები პოლიტიკაში იქნებიან. ეს არის სამწუხარო რეალობა! ვინც ამ რეალობას თვალს არ უსწორებს და ამ სიმართლის მთქმელებს გვლანძღავს, ან ნაცია, და ან – ნაცების ბოროტების მომწონებელი და ბოროტებასთან კომპრომისზე წასული ადამიანი.
აი, ამერიკა რატომაა წასული მარადიულად კომპრომისზე ნაცებთან და რაც ძალი და ღონე აქვს, რატომ ჩაგრავს ამ გასაცოდავებულ ქართულ ოცნებას, ეს ვერ გავიგე.
ჩვენ, რაც შეგვიძლია, ვერთგულებთ ჩვენს არჩევანს. ჯერი თქვენზეა.
ჩვენი დახმარება არაა, კარიკატურულ ჰიტლერელებს რომ ეხმარებით. რომც მოხდეს სასწაული და პარლამენტში დაჯდეს მელია და ცუდ სუნს აყენებდეს ხოშტარია, ეს სამოქალაქო ომს არ დაამთავრებს! ისინი მაინც იმას იზამენ, რასაც აქამდე აკეთებდნენ, და ეს ქვეყნის შენება ნამდვილად არაა. ისინი არ მოისვენებენ, ვიდრე საქართველოს ბატონ-პატრონები არ გახდებიან, როგორც მათ საოცნებო 2003-2012 წლებში იყვნენ,“ -წერს სვიმონ ჯანგულაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები