მამუკა არეშიძე: სააკაშვილი მელიას პარტიაში კონკურენტად აღიქვამს, მისი დამარცხება, შესაძლოა, დიდად არც ეწყინოს

სააკაშვილი მელიას პარტიაში კონკურენტად აღიქვამს, მისი დამარცხება, შესაძლოა, დიდად არც ეწყინოს, არ არის გამორიცხული, ეს გამოიყენოს სწორედ მის ჩამოსაჩოჩებლად, – ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რაც შეეხება გახარიას რეიტინგს, მას გადადგომის შემდეგ უფრო მაღალი რეიტინგი ჰქონდა.

,,საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანას პრაქტიკულად ერთი დღე არ უცხოვრია მშვიდად. ჩვენ ვცხოვრობთ თითქმის ფსიქოლოგიურ ტერორში, რომელიც ცუდად მოქმედებს საზოგადოებაზე, ზრდის პოლიტიკისადმი ნიჰილიზმის ხარისხს.

ვფიქრობ, 5 ივლისის შემდეგ კიდევ უფრო მძიმე პროცესები დაიწყო საზოგადოებაში. განსაკუთრებით გაიზარდა პოლარიზაციისა და რადიკალური დაპირისპირების ხარისხი. კლასიკური ენტროპიის რეჟიმში ვცხოვრობთ, როდესაც როდესაც საზოგადოების გახლეჩა და დაპირისპირება ხელოვნურად ხდება. ეს ჩვენ უკვე გავიარეთ 90-იანი წლების დასაწყისში და აღარ მეგონა, თუ ისევ ასეთ გზას დავადგებოდით.

აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, მომავალ არჩევნებზე სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის მოწმეები გავხდებით, რაც ქვეყნის წინაშე არსებულ უსერიოზულეს გამოწვევებს უფრო მეტად გაართულებს.

როგორც შორიდან დაკმვირვებელს, მიჩნდება აზრი, რომ სააკაშვილს ნიკა მელია დიდად გულზე არ ეხატება. მეტიც, როგორც ძალზე დამოუკიდებელ ფიგურას არ ენდობა. შესაბამისად, მისი დამარცხება შესაძლოა დიდად არც ეწყინოს. არ არის გამორიცხული, ეს გამოიყენოს სწორედ მის ჩამოსაჩოჩებლად. მელიას ახასიათებს პრინციპულობა, რაც პარტიის ახალი სახეების შერჩევის მისეულ პოლიტიკაშიჩ ჩანს. თუ გაიმარჯვა, რა თქმა უნდა, სააკაშვილი შეეცდება ეს თავის გამარჯვებად გააფორმოს, თუ, რა თქმა უნდა, ამის საშუალება მელიამ მისცა.

მოკლედ, სააკაშვილი მელიას პარტიაში კონკურენტად აღიქვამს. ნიკა მელიას სააკაშვილისა და ზოგი სხვა ლიდერისგან განსხვავებით, მხრებზე არ აწევს ,,ნაციონალური მოძრაობის” მართვის ტვირთი. ის წარმოადგენდა იმ ხელისუფლებას, იყო საშუალოზე მაღალი რანგის ჩინოსანი, მაგრამ არ შედიოდა გადაწყვეტილების მიმღებთა რიგებში. შესაბამისად, არ ასოცირდება ე.წ სისხლიან 9 წელთან, რასაც სააკაშვილი კარგად ხვდება. არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ – სააკაშვილი უაღრესად ნიჭიერი ადამიანია. ვითარებაში ძალიან სწრაფად ერკვევა, თუმცა რამდენად სწორ დასკვენს აკეთებს, ეს უკვე სხვა თემაა.

რაც შეეხება გახარიას რეიტინგს, მას გადადგომის შემდეგ უფრო მაღალი რეიტინგი ჰქონდა. ამ ვარდნას ექსპერტთა ჯგუფი ვარაუდობდა კიდეც. საქმე ის არის, რომ გახარიამ გადადგომის შემდეგ აშკარად დააგვიანა პოლიტიკური აქტიურობა.

გიორგი გახარია დღევანდელ პოლიტიკაში ნამდვილად არის ფაქტორი, თუმცა მაინც არამგონია, რომ მომავალ არჩევნებზე გადამწყვეტ როლს ითამაშებს.

რაც შეეხება არველაძის შესაძლო კანდიდატობას, მე სამივე ძმის მიმართ უაღრესად პოზიტიურად ვარ განწყობილი, მაგრამ მიმაჩნია, რომ არჩილ არველაძეს პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება არ აქვს, მით უფრო ჩვენს ქვეყანაში გამეფებული ბინძური პოლიტიკური თამაშების. შესაბამისად, მეეჭვება ამ ბრძოლაში მან წარმატებას მიაღწიოს. ძალიან გაუჭირდება ბრძოლა კალაძესთანაც და მელიასთანაც,”- განაცხადა მამუკა არეშიძემ.

,,ქართულმა ოცნებამ” თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე წარადგინა, ,,ნაციონალურმა მოძრაობამ” – ნიკა მელია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები