მამუკა არეშიძე: ოპოზიცია წინასწარ შეეგუა იმ აზრს, რომ კახა კალაძეს თბილისის მერობის თანამდებობაზე ვერ შეეცილებიან, თუმცა ბრძოლა ძალიან მძიმე იქნება

 

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ოპოზიცია წინასწარ შეეგუა იმ აზრს, რომ კახა კალაძეს თბილისის მერობის თანამდებობაზე ვერ შეეცილებიან, თუმცა ბრძოლა ძალიან მძიმე იქნება, – ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, კახა კალაძე რეიტინგული პოლიტიკოსია.

,,გასაკვირი არავისთვის იქნებოდა კახა კალაძის დასახელება, რადგან ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ფიგურაა ,,ქართულ ოცნებაში”. შესაძლოა, მერობის პერიოდში კახა კალაძეს ქალაქის იერსახის ცვლილებაში მნიშვნელოვანი გარღვევა არ მოუხდენია, დაუშვა შეცდომებიც, მაგრამ მოახერხა მუდმივად აქტიური ყოფილიყო, ეკეთებინა დიდი თუ პატარა საქმეები და თან ისე, რომ ამის თაობაზე დედაქალაქელებს ყოველდღიურად ჰქონოდათ ინფორმაცია. მან საზოგადოებასთან ურთიერთობის თვალსაზრისით ძალიან სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. მოკლედ, რეიტინგული პოლიტიკოსია. ვგულისხმობ მის პირად რეიტინგს და არა საზოგადოდ მმართველი ძალისას. ამ ყველაფერს თუ გავითვალისწინებთ, მისი დამარცხება ძალიან ძნელი იქნება…

რაც შეეხება ოპოზიციას, მისი ნაწილი მიხვდა, როგორც ჩანს, რომ აქცენტის გაკეთება ,,ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელზე მარცხით დასრულდება. შესაბამისად, ჩვენ ნიკა მელიას წარდგენისას მასთან ერთად სხვა ოპოზიციური ძალები, ფაქტობრივად, ვერ ვნახეთ. ისინი, როგორც ჩანს, საკუთარ კანდიდატებს დაასახელებენ. თვითონ ,,ნაციონალურმა მოძრაობამ” სცადა, რომ მელია თითქოს კოალიციურ კანდიდატად წარმოედგინა, რადგან საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ელენე ხოშტარია დასახელდა. მათთან ერთად არის ზურაბ ჯაფარიძეც, მაგრამ ეს ხალხი თავის დროზე სწორედ ,,ნაციონალურ მოძრაობას” წარმოადგენდნენ და მაინცდამაინც შორს არ წასულან.

ჩემი აზრით, ჯობდა ოპოზიციის დიდი ნაწილი თბილისში მაინც წარმოდგენილი ყოფილიყო საერთო კანდიდატით. ასეთ შემთხვევაში წარმატების მეტი შანსი ექნებოდათ, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო ,,ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი. ნიკა მელია რომ არ იყოს ამ პარტიის თავმჯდომარე, შეიძლებოდა ამ გეგმას გაემართლებინა კიდეც, მაგრამ ის, როგორც ,,ნაცმოძრაობის” ლიდერი, ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის მიუღებელია. თუმცა ოპოზიციის დაქსაქსვაც მცირებს მათი წარმატების შანსს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ოპოზიცია წინასწარ შეეგუა იმ აზრს, რომ კახა კალაძეს თბილისის მერობის თანამდებობაზე ვერ შეეცილებიან, თუმცა ბრძოლა ძალიან მძიმე იქნება,”- განაცხადა მამუკა არეშიძემ.

,,ქართულმა ოცნებამ” თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე წარადგინა, ,,ნაციონალურმა მოძრაობამ” – ნიკა მელია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები