ანა ბუჩუკური: ნამდვილად არ გვახარებს ის განცხადებები და მინიშნებები, რომლებითაც ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა და მთავარმა მოკავშირეებმა მოგვმართეს
“აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ევროკომისიის განცხადებებში უკვე საუბარია კონკრეტული ფინანსური ბერკეტების/მექანიზმების შესაძლო ამოქმედებაზე”, – ამის შესახებ „საქართველოსთვის” წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება დემოკრატიულ ინსტიტუტებს ასუსტებს.
„ჩვენ ნამდვილად არ გვახარებს ის განცხადებები და მინიშნებები, რომლებითაც დღეს ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა და მთავარმა მოკავშირეებმა უმაღლეს დონეზე გაკეთებული განცხადებებით მოგვმართეს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და ევროკომისიის განცხადებებში უკვე საუბარია კონკრეტული ფინანსური ბერკეტების/მექანიზმების შესაძლო ამოქმედებაზე. კარგად გვესმის, რომ თუ პროცესები ამ მიმართულებით განვითარდა, ეს დააზიანებს არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ მთლიანად სახელმწიფოს. ამიტომ, ვერ გავიზიარებთ იმ სიხარულს და აღტკინებას, რასაც ხშირად ოპოზიციური სპექტრის მხრიდან სანქციების შესაძლო დაწესებასთან, ან ფინანსური ტრანშების შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით ვხედავთ. გუშინდელი განცხადებები უკავშირდება როგორც ჟურნალისტებზე სისტემური თავდასხმის ფაქტს, ასევე, მოსამართლეების დანიშვნის პროცესს. ეს ფაქტები მხოლოდ ერთი ნაწილია იმ დიდი პრობლემისა, რასაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები საქართველოში ხედავენ. ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად, ეს არის შედეგი იმისა, რომ ხელისუფლება ასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, მათ შორის, მიზანმიმართულად ცდილობს უზენაეს სასამართლოში სამუდამოდ გაუძლიეროს პოზიციები გავლენის ჯგუფებს და ა. შ.”, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
შეგახსენებთ, რომ, ევროკომისიის პრესპიკერის განცხადებით, მოსამართლეების არჩევა ხელისუფლებისთვის დაკარგული შესაძლებლობაა სასამართლოს რეფორმის მიმართ ერთგულების დამტკიცებისთვის – ამ ნაბიჯმა შეიძლება, მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფაზე უარყოფითად იმოქმედოს.
ასევე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა კითხვაზე, იგეგმება თუ არა 5-6 ივლისის ძალადობაზე პასუხისმგებელი ოფიციალური პირების წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესება, ხაზი გაუსვა, რომ ისინი სანქციების შესახებ წინასწარ არ საუბრობენ.