თეა წულუკიანი: როდესაც პოლიცია გვაძლევს რჩევას, რომ გამოხატვის თავისუფლება განვახორციელოთ, მაგრამ გვთავაზობს სხვადასხვა მისაღებ გზას, აი, ამას ჰქვია სახელმწიფოსთან თანამშრომლობა
“როდესაც პოლიცია და შს მინისტრი გვაძლევს რჩევას, რომ გამოხატვის თავისუფლება განვახორციელოთ, მაგრამ გვთავაზობს სხვადასხვა მისაღებ გზას, აი, ამას ჰქვია სახელმწიფოსთან თანამშრომლობა და ეს უნდა გავიგონოთ-ხოლმე”, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე თეა წულუკიანმა განაცხადა.
კულტურისა და სორტის მინისტრმა 5 ივლისს განვითარებული მოვლენები და ლგბტ თემისთვის პრემიერმინისტრის მიერ მაშინ გაკეთებული მოწოდება შეაფასა.
„5 ივლისის პრემიერის განცხადება, ბოდიში ამ სიტყვისთვის, თქვენ გაქვთ ამოჩემებული და თქვენ და სხვა ტელევიზიები ამას ასაღებთ ისე, თითქოს, პრემიერმა როდესმე ძალადობა მოიწონა და წაახალისა. პირიქით, სწორედ მთავრობის იმ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა თქვა ის, რაც ყველა ლიდერს უნდა ეთქვა, რომ თავი შევიკავოთ პარლამენტის გამზირზე შეკრებისგან და ამით მან 5 ივლისს ლგბტ თემს მიმართა.
ძალიან სამწუხაროა, რომ ლგბტ თემმა არ გაითვალისწინა ქვეყნის ლიდერის ეს მოწოდება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მათი ინტერესებიდან იყო. უფრო მეტიც, შესთავაზა ლგბტ თემს, რომ თავიანთი გამოხატვის თავისუფლება კი არ გადაედოთ გვერდზე, არამედ ეს შეკრება ჩაეტარებინათ სხვაგან, მესმის, რომ თქვენ, ზოგიერთ მედიასა და იმ პოლიტიკური პარტიებს, რომელთა მთავარი მიზანი პროვოკაციების კასკადია, ვვარაუდობ, რომ ეს გაძლიერდება არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მათ ეს არ მოეწონათ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. სამწუხაროდ, ლგბტ თემმა პრემიერის მაშინდელი განცხადება არ გაიზიარა“, – განაცხადა წულუკიანმა.
მისი თქმით, პოლიციის შესაძლებლობები ამოუწურავი არ არის.
„როდესაც პოლიცია და შს მინისტრი გვაძლევს რჩევას, რომ გამოხატვის თავისუფლება განვახორციელოთ, მაგრამ გვთავაზობს სხვადასხვა მისაღებ გზას, აი, ამას ჰქვია სახელმწიფოსთან თანამშრომლობა და ეს უნდა გავიგონოთ-ხოლმე“, – დასძინა წულუკიანმა.