ანრი ოხანაშვილი ოდირის დასკვნაზე: ყოველგვარი არგუმენტი, თუ რაზე დაფუძნებით მიაჩნიათ, რომ ჩვენ უნდა შეგვეჩერებინა მოსამართლეების დანიშვნის პროცესი, გაუგებარია

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ეუთო/ოდირის შეფასება ეს არის შუალედური და არა – საბოლოო.

მისივე თქმით, გაუგებარია, რაზე დაყრდნობით მიაჩნიათ დასკვნის ავტორებს, რომ მოსამართლეების დანიშვნა უნდა შეჩერდეს.

„დაველოდებით საბოლოო დასკვნის ფორმულირებებსა და გამოქვეყნებას. რაც შეეხება შინაარსობრივ საკითხებს, ეუთო/ოდირი საუბრობს, რომ საქართველოს პარლამენტმა განახორციელა ცვლილებები, რამაც გააუმჯობესა სიტუაცია უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის რეგულაციების, თუმცა რჩება გამოწვევები და ეს რა გამოწვევებია, ჩემთვის მშრალია. ყოველგვარი არგუმენტი, თუ რაზე დაფუძნებით მიაჩნიათ, რომ ჩვენ უნდა შეგვეჩერებინა პროცესი, გაუგებარია. ამიტომ დაველოდებით საბოლოო დასკვნას და ამის მიხედვით გავაკეთებთ შეფასებებს. შესაძლებელია ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნას საფუძვლად დაედოს ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და მათ შეფასებაში იქონიოს გავლენა, პირიქით ვერ იქნება”,- აღნიშნა ოხნაშვილმა.

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გიორგი შავლიაშვილს უსმენენ. კანდიდატებთან გასაუბრება 6 ივლისს დაიწყო და დღეს სრულდება.

25 ივნისს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს ასარჩევად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9კანდიდატი – გოჩა აბუსერიძე, გიორგი გოგიაშვილი, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და ლაშა ქოჩიაშვილი წარუდგინა.

პროცესს მონიტორინგს უწევს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) წარმომადგენლობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები