გურამ მაჭარაშვილი: კომიტეტში კენჭისყრის შემდეგ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს პარლამენტის სესიაზე სათითაოდ ეყრება კენჭი

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი საკმაოდ გამჭვირვალედ წარიმართა. დაგვრჩა ერთ კანდიდატთან გასაუბრება. აქედან გამომდინარე, კომიტეტის ყველა წევრი უკვე ჩამოყალიბდება თითოეულ კანდიდატთან დაკავშირებით, ასევე გვექნება გარკვეული კონსულტაციები. ამის შემდეგ, ჯერ კომიტეტში გაიმართება კენჭისყრა და შემდეგ ეს საკითხი სესიაზე გავა, სადაც ყველა კანდიდატს სათითაოდ ეყრება კენჭი”, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობდა.

დღეს, კომიტეტის წევრებმა ორ კანდიდატს – ბიძინა სტურუას და ლაშა ქოჩიაშვილს მოუსმინეს.

ბიძინა სტურუას მოსამართლედ მუშაობის 9 წლიანი, ხოლო ლაშა ქოჩიაშვილს -13 წლიანი გამოცდილება აქვს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებმა ფრაქცია „ქართული ოცნების”, პოლიტიკური ჯგუფების „მოქალაქეების” და „ევროპელი სოციალისტების”, პარლამენტის უფრაქციო წევრების, ასევე არასაპარლამენტო სუბიექტების – ადვოკატთა ასოციაციის,

იურიდიული სამსახურის, არასამთავრობო ორგანიზაციების – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და „დემოკრატიის ინდექსის” წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხეს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ცხრა კანდიდატთან გასაუბრების პროცესი 6 ივლისს დაიწყო და ოთხი დღის განმავლობაში კომიტეტი 8 კანდიდატს გაესაუბრა.

ხვალ, 10 ივლისს, კომიტეტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ბოლო კანდიდატს, გიორგი შავლიაშვილს მოუსმენს.

2021 წლის 25 ივნისს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს ასარჩევად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ცხრა კანდიდატი წარუდგინა.

პროცესს მონიტორინგს უწევს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) წარმომადგენლობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები